თავშესაფარი მიუსაფართათვის

თბილისში მიუსაფართათვის 4 საცხოვრებელი კარავი მოეწყო

დავით ნარმანია
RFE/RL

თბილისში, მოსკოვის გამზირზე, მიუსაფართათვის 4 საცხოვრებელი კარავი მოეწყო. მათში 80 უსახლკაროს განთავსებაა შესაძლებელი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კარვები აღჭურვილია შეშის ღუმელით, საწოლებით, ლეიბებით, პლედებითა და ელექტროენერგიით. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა 80-კაციანი კარავი, რომელიც სასადილო ოთახის ფუნქციით დაიტვირთება.

სამინისტროში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა დღეს 13.00 საათზე გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრები მოსკოვის გამზირზე, მიუსაფართა თავშესაფარს მოინახულებენ.

თავშესაფრის მოწყობაში ჩართულები არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, ასევე, მთავრობის კანცელარია. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა ზამთრის პერიოდში მიუსაფართა პრობლემების მოგვარება საგანგებოდ შექმნილ ჯგუფს ორი დღის წინ დაავალა. 

დროებითი თავშესაფრები მოეწყობა თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. 

კომენტარები