დაპირისპირება პარლამენტში

უსუფაშვილი: უმრავლესობის საქციელი არ არის მოსაწონი და პოლიტიკურად ჭკვიანური

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, უმრავლესობამ საპარლამენტო ოპოზიციას საბაბი მისცა, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა. უსუფაშვილის შეფასებით, ეს არ არის მოსაწონი და პოლიტიკურად ჭკვიანური საქციელი. მისივე თქმით, პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დეტალურად გაერკვევა და თავის პოზიციას დააფიქსირებს.

"რაც მოხდა, ჩემგან შეფასებაც იქნება და რეაგირებაც, მაგრამ, იქნება რეაგირება სრული, სამართლიანი და ობიქტური. რაც შეეხება დღეს დაგეგმილ საკითხებს, ჩვენ ყველა საკითხს ვიხილავთ, ყველას აქვს საშუალება მიიღოს განხილვაში მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, განცხადებასაც მივიღებთ უკრაინასთან დაკავშირებით. ახლა კი მივმართავ უმრავლესობას, რომლის პასუხისმგებლობაც არის ქვეყანაში გადაწყვეტილებების, კანონების, მათ შორის, ბიუჯეტის მიღება. დღეს არ არის ჩვეულებრივი და ორდინალური პარლამენტის სხდომა. დღეს არის პარლამენტის სხდომა, რომელზეც ხდება უმთავრესი საკითხის განხილვა, რომლისთვისაც არსებობენ პარლამენტები და საერთოდ მოგონილია სახელმწიფო ცხოვრება - ბიუჯეტი გვაქვს განსახილველი, ჩამოსულია ფინანსთა მინისტრი. ყველას შეგახსენებთ, ჩვენი ამოცანა არ არის ნაციონალურ მოძრაობასთან გამკლავება და მათთან სიტყვა-პასუხში შეჯიბრება. ჩვენი ამოცანაა - ქვეყნის მართვა და წინ წაყვანა. ამისთვის საჭიროა იმ საქმის კეთება, რაც პარლამენტშია გასაკეთებელი - გადაწყვეტილებების მიღება, კანონების მიღება, ბიუჯეტის მიღება და ა.შ. ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას. არ არის ჩვეულებრივი რიტმი, მაგრამ უნდა შევძლოთ მუშაობა", - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში მას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ევალება ყველასთან დიალოგის გამართვა იმისათვის, რომ ყველაფერი ნორმალურ რეჟიმში დაბრუნდეს. 

"ყველას გეტყვით, მაინცდამაინც მოსაწონი ქმედება არ არის უმრავლესობის მხრიდან, რომ უმცირესობას აძლევ საბაბს, ბიუჯეტის განხილვის დროს დატოვოს დარბაზი. არ არის მაინცდამაინც პოლიტიკურად ჭკვიანური ქმედება უმრავლესობის მხრიდან, რომ საბაბი მისცე უმცირესობას ბიუჯეტის განხილვის დროს დატოვონ დარბაზი და ამით ბოლომდე გაექცნენ პასუხისმგებლობას", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა. უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა გადაწყვეტილების მიზეზად სოსო ჯაჭვლიანის მიერ გიორგი ბარამიძის მისამართით გაკეთებული განცხადება დაასახელა. მან უსუფაშვილს მომხდარი ინციდენტის შეფასება სთხოვა. 

"მოგმართავთ, შეფასება მისცეთ ამ ინციდენტს. ეს პროვოკაცია შეიცავდა კუთხური შუღლის გაღრმავების საშიშროებას. სანამ უმრავლესობის მხრიდან არ მოვისმენთ ამ ფაქტის შეფასებას, მანამდე უმცირესობა სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს", - აღნიშნა გაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა პლენარულ სხდომაზე გიორგი ბარამიძეს მიმართა - "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო". ამის შემდეგ, დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

კომენტარები