დაპირისპირება პარლამენტში

უმცირესობამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა. უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა გადაწყვეტილების მიზეზად სოსო ჯაჭვლიანის მიერ გიორგი ბარამიძის მისამართით გაკეთებული განცხადება დაასახელა.

”დღეს უნდა გვესაუბრა თვითმმართველობის კოდექსზე, მაგრამ სამწუხაროდ, უმრავლესობამ არჩია პარლამენტის დარბაზში სულ სხვა ვითარების შექმნა. ამ ვითარებაში სერიოზულ მსჯელობასა და კამათს, პროფესიულს, ნორმალურს, კოლეგიალურს ვერ მოვახერხებთ, ამიტომ დღეს უმცირესობა დატოვებს სხდომას”, - განაცხადა გაბაშვილმა და უსუფაშვილს მომხდარი ინციდენტის შეფასება სთხოვა.

”მოგმართავთ, შეფასება მისცეთ ამ ინციდენტს. ეს პროვოკაცია შეიცავდა კუთხური შუღლის გაღრმავების საშიშროებას. სანამ უმრავლესობის მხრიდან არ მოვისმენთ ამ ფაქტის შეფასებას, მანამდე უმცირესობა სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს”, - აღნიშნა გაბაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთელის თქმით კი, მომხდართან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის რეაგირება ადეკვატური უნდა იყოს და არა შელამაზებული.

"ასეთი რამე არ შეიძლება ხდებოდეს არცერთი ქვეყნის პარლამენტში და, მით უმეტეს, საქართველოში. ჩვენ მოსახლეობას არ ავურჩევივართ იმისთვის, რომ კრივის ილეთები ვანახოთ, ვეჩხუბოთ ერთმანეთს, ამისთვის შეიძლება სხვა ადგილი არსებობდეს, პარლამენტში სხვა ენით ლაპარაკობენ. ბიუჯეტი გარღვეულია, თვითმმართველობის რეფორმა გაუგებარია, სწორედ ამ საკითხებზე არ უნდოდათ ალბათ საუბარი და დაიდგა ეს სპექტაკლი. მით უმეტეს, უკრაინასთან დაკავშირებით - ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთისგან უნდა დავიცვათ უკრაინა და სოლიდარულები ვართ, უმრავლესობა კი იმას აკეთებს, რაც რუსეთს ყველაზე მეტად გაუხარდება ამ ვითარებაში”, - აღნიშნა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გიორგი ბარამიძეს მიმართა - "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო".

ჯაჭვლიანი სამართალდამცველებს ბარამიძის დაკითხვისკენ მოუწოდებდა. ჯაჭვლიანის შეფასებით, ძალიან ცუდია ის, რაც ხდება უკრაინაში, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ნაციონალებმა უნდა დაგმონ 7 ნოემბერი და 26 მაისი. ჯაჭვლიანმა აფრასიძეების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაცია გაიხსენა.

"ეს ის ბარამიძეა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ აღიარა, როგორ დაესხა თავს აფრასიძეების ოჯახს 1500 ჯარისკაცით და 12 ვერტმფრენით, ბავშვებს თვალწინ მოუკლა ბიძა და ბაბუა, შებილწეს საფლავები, გაატყავეს ადამიანები, მთელ საქართველოს ამცნეს, რომ კალაძის ძმა და გატაცებული ადამიანების საფლავები აღმოაჩინეს. მათ სურდათ, შეეძულებინათ სვანეთი საქართველოსთვის. სპეცოპერაცია იმით გაამართლეს, სვანეთი დავაშინეთ და დავაჩმორეთო. თქვენ თქვენი თავი და ოჯახები დააჩმორეთ და არა - სვანეთი. მოვუწოდებ შს მინისტრს, ხშირად ჩაატაროს რეიდები დამნაშავე "ნაციონალების" დასაცავად, სადმე არ გადაგეყარონ თქვენ მიერ ნამუსახდილი ადამიანები და არ იხმარონ თქვენი სიმბოლო – ცოცხი და "დუბინკა". ბარამიძე თავად ამბობს, დამკითხეთო. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოიძიონ ყველა დეტალი. მე კარგად ვიცნობ ჩემს კუთხეს და მინდა მივმართო ბარამიძეს, ნუ ბლატაობ, შე ჩმორო", - თქვა ჯაჭვლიანმა.

კომენტარები