ელჩების დანიშვნა

პრეზიდენტმა შვიდი ელჩი დანიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე ელჩი დანიშნა.

პრეზიდენტის 2013 წლის 5 დეკემბრის განკარგულებით, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა ზურაბ ბერიძე, რომელიც 2004-2008 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთსა და მოლდოვაში.

უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა კონსტანტინე ჟღენტი, რომელიც ავსტრიაში იყო საქართველოს ელჩი 2004-2005 წლებში.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა ლადო ჭანტურია. ის 1993-1996 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მრჩეველი, 1997-2004 წლებში იუსტიციის საბჭოს წევრი, 1998-1999 წლებში იუსტიციის მინისტრი, ხოლო 1999-2004 წლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

პრეზიდენტის განკარგულებით, იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ლევან ცინცაძე გახდა, რომელიც აქამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე მუშაობდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით აფციაური დაინიშნა, რომელიც 2004-2008 წლებში იყო საქართველოს ელჩი ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში.

საქართველოს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იოსებ ჩახვაშვილი წარადგენს. ჩახვაშვილი 2009 წლიდან თურქმენეთსა და ავღანეთში საქართველოს ელჩი იყო.

ასევე, პრეზიდენტის განკარგულებით, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა გრიგოლ ტაბატაძე. ის 2009-2010 წლებში საქართველოს ელჩად მსახურობდა სომხეთში.

 

კომენტარები