კრიმინოგენური სიტუაცია

ენმ შსს-ს მოუწოდებს, კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელს ყურადღება მიაქციოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მთავრობა კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ გაყალბებულ სტატისტიკას აქვეყნებს. პარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელს ყურადღება მიაქციოს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესების შესახებ საპარლამენტო ოპოზიცია საუბრობდა, მთავრობა თვალს ხუჭავდა და გაყალბებულ სტატისტიკას აქვეყნებდა.

„გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, დაკავდეს არა სტატისტიკით, არამედ, რეალურად ებრძოლოს კრიმინალურ მდგომარეობას. უმჯობესია, მათი გადადგმული თითოეული ნაბიჯი არა სტატისტიკის გაყალბებით იყოს დაკავებული, არამედ ებრძოლონ კრიმინალს“ - აღნიშნა ტარიელ ლონდარიძემ, რომელიც ამ განცხადებით ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რამდენიმე დღის წინ თავისი Facebook-ის გვერდზე ოზურგეთში ბანკების გაძარცვის შესახებ ისაუბრა. კვაჭანტირაძემ გურიაში კრიმინალის გაზრდის შესახებ გაკეთებული განცხადება დღესაც დაადასტურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში დანაშაულმა 24 %-ით იკლო, კონკრეტულად, ნოემბრის თვეში კლების მაჩვენებელმა 34 % შეადგინა. მიუხედავად ამისა, უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, სასამართლოებში 19%-ით არის გაზრდილი განსახილველი სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 6 დეკემბერს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, წინა რამდენიმე შემთხვევის მსგავსად, დაჯამებული სახით არის მოცემული და არ არის გაშიფრული, რა ტიპის დანაშაულმა იკლო, ან მოიმატა, როგორი დანაშაულების გახსნის მაჩვენებელია გაზრდილი და ა.შ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება 2013 წლის მარტში შეწყვიტა.

კომენტარები