სახელმწიფო შესყიდვები

ჯიპი მაცივრით აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის 83 300 ლარად

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2013 წელს გამოშვებული (2014 წლის მოდელი) ყველგანმავალი, ჯიპის ტიპის ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ ავტომობილში მაქსიმუმ 83 300 ლარს გადაიხდის.

6 დეკემბერს გამოცხადებულ გამარტივებული ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 10 დეკემბერს დაიწყება და 12 დეკემბერს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ახალი ავტომობილი უნდა იყოს 7-ადგილიანი, 5-კარიანი, 4.0 ბენზინის ძრავით, რომელსაც ექნება 282 ცხენის ძალა. ავტომობილს უნდა ჰქონდეს მძღოლის ორმაგი უსაფრთხოების ბალიში, მუხლისა და გვერდითი ბალიშები, მგზავრის წინა და გვერდითი ბალიში, მანქანის გარე განათების კონტროლი, გარე სარკეები ელ. მართვით, წინა და უკანა პარკირების სენსორი, უკანა ხედვის კამერა, უკანა სვლის მონიტორი, ორმაგი ავტ. კონდიციონერი, წინა და უკანა სანისლე ფარები, ტყავის ინტეგრირებული საჭე, ტელეფონის ბლუთუს სისტემა, ელ. ლუქი, ფარების გამრეცხი, ალუმინის დისკები 265/60 /R18 საბურავით, ელ. ფანჯრები, ცენტრალური საკეტი, მაცივარი და ქრომირებული სახელურები.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 6 დეკემბერს ახალი მსუბუქი ავტომობილის შესაძენად ტენდერის აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 37 800 ლარია. აღნიშნული ავტომობილიც 2013 წელს უნდა იყოს გამოშვებული.

ჯიპის ტიპის ავტომობილის ყიდვა ასევე სურს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი 5 დეკემბერსაა გამოცხადებული.

აღნიშნული სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად, შესასყიდი ავტომობილიც ახალი უნდა იყოს, უნდა იტევდეს 7 ადამიანს და მისი ღირებულება მაქსიმუმ 73 500 ლარი უნდა იყოს.

შედარებით იაფფასიანი, 2004 წლის შემდგომ გამოშვებული მინივენის 21 000 ლარად ყიდვა კი ბათუმის ტურისტულ სააგენტოს აქვს გადაწყვეტილი. აღნიშნული ტენდერიც 5 დეკემბერს გამოცხადდა და 11 დეკემბერს დასრულდება.

2010 წლის შემდგომ გამოშვებული მაღალი გამავლობის, ორხიდიანი ორი ავტომობილის ყიდვას მაქსიმუმ 110 000 ლარად აპირებს ხულოს მუნიციპალიტეტი. სატენდერო წინადადებების მიღება დაწყებულია და ტენდერი 2 დღეში დასრულდება.

კომენტარები