თვითმმართველობის კოდექსი

უსუფაშვილი ცვლილებებზე: დავგეგმეთ, სანამ კრიტიკული განცხადებები გაკეთდებოდა

David Usupashvili
Tabula

რეგიონულ საბჭოებს საკონსულტაციო საბჭოები დაერქმევათ, ხოლო სოფლის საზოგადოებრივი საბჭოები ამ ეტაპზე საერთოდ ამოღებული იქნება კოდექსიდან. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, სოფლის საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც პოლიტსაბჭოზე "დაისვე კითხვა - ხომ არ ვქმნით ასე ზედმეტ რგოლებს". ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, "ვინმეს კი არ ეკრძალება, რომ ეს საბჭოები შექმნას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს კოდექსი ავალდებულებდა სოფელს რომ შეიკრიბე და აირჩიე ვინმე, ეხლა კოდექსი ამაზე არაფერს არ ამბობს. ნებისმიერ სოფელს შეუძლია შეიკრიბოს და ვინც უნდა ის აირჩიოს", - აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, რეგიონული საბჭოებისთვის სახელის გადარქმევით უნდა მოიხსნას ის შიშები, რაც ფედერალურ მოწყობას უკავშირდება. უსუფაშვილის განმარტებით, ეს საბჭოები ადგილობრივი საკრებულოს წევრებისგან დაკომპლექტდება და მათ მხოლოდ კონსულტაციის გაწევის უფლება ექნებათ.

დავით უსუფაშვილმა ფედერალური მოწყობის შესახებ თემის წინა პლანზე წამოწევას "დიდი უმეცრება" და "უსინდისობა" უწოდა. "ახლა ჩვენ გვისმენენ რეგიონების წარმომადგენლები და ვეკითხები მათ: ის გუბერნატორები, რომლებიც დღემდე იქ მუშაობდნენ, ისინი მათ საჭიროებებზე იყვნენ ორიენტირებული თუ თვალი აქეთ ჰქონდათ თბილისისკენ, რომ აქ იყოს ხალხი კმაყოფილი. ჩვენ გვინდა, რომ გუბერნატორები და რწმუნებულები ისევ მთავრობის დავალებით პროგრამებს რომ განახორციელებენ, ამ განხორციელებაში ცალი თვალით ჩაიხედონ კახეთის რაიონების საკრებულოებში ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს წევრების გარკვეულმა ნაწილმა. თუ ეს ხალხი არის რაიონული საკრებულოს წარმომადგენლები და თუ ეს ხალხი გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, მაშინ რა ფედერალიზმზე ლაპარაკობენ საერთოდ არ მესმის" - აღნიშნა უსუფაშვილმა. მისი თქმით, ეს ცვლილებები მანამ დაიგეგმა, სანამ ოპონენტების კრიტიკა მოჰყვებოდა.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის კოდექსის თავდაპირველ ვარიანტთან მიმართებაში, "საქართველოს დაშლის" საფრთხე ყველაზე მწვავედ პატრიარქმა გააკრიტიკა. "ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისეფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში", - თქვა პატრიარქმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, დღეს არსებულ 5 თვითმმართველ ქალაქს დამატებით კიდევ 7 ქალაქი დაემატება, რომელიც იგივე სტატუსით ისარგებლებს.

კომენტარები