დასაქმება

ერთ წელიწადში კერძო სექტორში სამუშაო ადგილი 9 200-მა დასაქმებულმა დაკარგა

ერთ წელიწადში კერძო სექტორში სამუშაო ადგილი 9 200-მა დასაქმებულმა დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) თავის ანგარიშში აქვეყნებს

საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის მესამე კვარტალში საწარმოებში სულ დასაქმებული იყო 507 400 ადამიანი მაშინ, როცა 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში დასაქმებულთა რიცხვი 516 600 იყო.

როგორც საქსტატის მონაცემები აჩვენებს, მსხვილი და მცირე ბიზნესი უფრო ასაქმებს ადამიანებს, ვიდრე საშუალო ბიზნესი. სტატისტიკის მიხედვით, მსხვილ ბიზნესში დასაქმებულია მთლიანი რაოდენობის 60.4%, მცირე ბიზნესში - 23.6%, ხოლო საშუალო ბიზნესში - 16%. ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი მცირე ბიზნესს აქვს: მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში საშუალო ხელფასი 965 ლარია, საშუალო ბიზნესის შემთხვევაში - 683 ლარი, ხოლო მცირე ბიზნესის შემთხვევაში - 475 ლარი.

როგორც საქსტატის მონაცემები აჩვენებს, ყველაზე მოთხოვნადი საქმიანობაა ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - ამ სფეროში დასაქმებულია მთლიანი რაოდენობის 21.3%. 

კომენტარები