რელიგიის თავისუფლება

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ანტისემიტიზმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
facebook.com/Evangelical-Baptist-Church-of-georgia

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია გმობს 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც დაარბიეს ამ დღესასწაულისთვის საგანგებოდ დამონტაჟებული ტრიბუნა და ჩამოხიეს პლაკატები.

”მიგვაჩნია, რომ საქართველოში ყველა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობის უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული. მაშინ, როდესაც ჩვენი ერი ებრაელ ხალხთან მეგობრობის 26 საუკუნოვან მეგობრობას უსვამს ხაზს და ამაყობს იმით, რომ საქართველოში არასოდეს ჰქონია ადგილი ანტისემიტიზმსა და ანტიიუდაიზმს, მომხდარი ფაქტი საპირისპიროს მეტყველებს. ეს არის ანტისემიტიზმის გამოვლინება, რის გამოც ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ.

ქრისტიანები დავალებულები ვართ ებრაელი ერის და მათი რელიგიისგან. იუდაური კულტურისა და რელიგიის წიაღში ჩაისახა ქრისტიანობა. ებრაელმა ერმა მსოფლიოს აჩუქა ბიბლია და ის მორალურ-ზნეობრივი ფასეულობები, რაზეც დღეს თანამედროვე ცივილიზებული სამყარო დგას. ებრაელი ერიდან გამოვიდა მაცხოვარი იესო ქრისტე, რომელიც უდიდეს სიყვარულს ავლენდა ისრაელიანების მიმართ. ჭეშმარიტი ქრისტიანობა არ არსებობს ნებისმიერი ერისა და რელიგიის, მით უმეტეს, ებრაელი ერის და იუდაიზმის პატივისცემის გარეშე.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს ინციდენტი უარყოფითად არ იმოქმედებს საზოგადოებაზე, რომელსაც სწორად ესმის ებრაელ ხალხთან მეგობრობის არსი”, - ნათქვამია ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები