რელიგიის თავისუფლება

ორმოცდაათიანელთა ეპისკოპოსი ხანუქას ჩაშლის მცდელობას გმობს

ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი
საქართველოს სარების რწმენის ეკლესია

საქართველოს სარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი, გუშინ, 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე ხანუქას დღესასწაულის ჩაშლის მცდელობას ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

”ქვეყნიერების შექმნის შემდეგ, რაც ღმერთმა ერები ერთმანეთისაგან გამოყო, დააცალკავა, ებრაელ ერს საკუთარი ერი უწოდა. ,,ჩემი ერი" – ამ სიტყვებს არაერთგზის ვიპოვით ბიბლიაში ებრაელთა მიმართ. მიუხედავად მათი მრავალგზის შეცდომისა, შეცოდებისა ისინი მაინც რჩებოდნენ მის ერად, ღმერთის მაძიებელ ერად. ბიბლიაში უფლის მხრიდან მრავლად გვხვდება მოწოდების ხასიათის გამოთქმები: კურთხეული იყოს ისრაელ, ვინც შენ გაკურთხოს.

მართალია ქრისტეს შემდგომად ღმერთმა მთელ კაცობრიობას ახალი აღთქმები დაგვიდო, მაგრამ ვფიქრობ, ღმერთის მზერა მთელს ისრაელზე კვლავ განსაკუთრებულად არის მიპყრობილი. ჩვენ, ქრისტიან ხალს გვმართებს ვაკურთხებდეთ ებრაელ ხალხს. ვიკვეხნით იმით, რომ საქართველოში არასოდეს ქონია ადგილი ანტისემიტიზმს. პირიქით, ისინი მაშინ შევიფარეთ, როდესაც მათი შეფარება ჩვენთვისაც საფრთხეს წარმოადგენდა. მახსოვს ერთ-ერთ შეხვედრაზე ბატონი ზურაბ კიკნაძე მოგვითხრობდა: -- როდესაც რაჭაში კომუნისტები სინაგოგის გადასაწველად მივიდნენ, მაშინ ადგილობრივმა ქართველმა დედებმა აკვნებით ხელში, თავინთ ჩვილებთან ერთად გარს შემოევლნენ სინაგოგას და ასე გადაარჩინეს იგიო. დარბაზში მაშინ ბატონი ნუგზარ პაპუაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც თქვა: იცით, მაშინ იმ ერთ აკვანში მე ვიწექი.

ამ სიტყვებმა დარბაზში დიდი ემოცია მოიტანა ... საოცარი რამ არის ქრისრეს სწავლება. მისი სიტყვებით განმარტებულ სიყვარულს შეუძლია ქვეყნის შენება, სიძულვილს ნგრევა, მეგობრობას ბედნიერება, მტრობას უბედურება ... ის რაც მაშინ რაჭველმა დედებმა გააკეთეს, რაღაცით მაგონებს აბრაამის მიერ ისააკის სამსხვერლოზე მიყვანას. მინდა ვთქვა, რომ ღმერთი არასოდეს დაუვიწყებს ადამიანს კეთილ საქმეებს, მაგრამ რა ვთქვათ იმაზე როცა უკეთურებას ჩავდივართ. ვინუგეშოთ თავი და ვიკვეხნოთ იმით, რომ ქართველ ერს ტოლერანტობას ვერავინ გვასწავლის? რათქმაუნდა არა, ღმერთი ჩვენ საკუთარ საქციელზე მოგვთხოვს პასუხს.
თუ იუდეველი ამბობს, მე ჩემი მამების აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთს ვცემ თაყვანს, მეც გავიმეორებ და ვიტყვი: მეც იგივე ღმერთს ვცემ თაყვანს უფალ იესო ქრისტეში. ჩვენ ქრისტიანები აბრაამის შთამომავლები ვართ. ღმერთმა ახალი აღთქმა მთელი კაცობრიობისათვის ძველ აღთქმაზე დააფუძნა.

იუდეველთა ისტორიაში, როდესაც ისინი იმარჯვებდნენ, ყოველთვის ჩანდა ღმერთის ხელი მათ გამარჯვებაში და მოწმობა იმისა, რომ ღმერთს ისინი არ მიუტოვებია. ასეთი ერთ-ერთი იყო ხანუქას (სატფურება, განახლება) დღესასწაული რომელიც მაკაბელთა გამარჯვებას უკავშირდება. როგორც თავად განმარტავენ ამას ზეიმობენ ბერძნებისაგან შეურაწყოფილი ტაძრის განახლების (ძვ. წ. II ს) გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნავად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო.

მინდა მთელ ებრაელ ერს მიულოცო ეს დღესასწაული და როგორც უფალი ამბობს, ვუსურვო არასოდეს დალეულიყოს მათ ბეღელში ფქვილი და ზეთი, წმინდად დგომა შემოქმედი ღმერთის წინაშე, ღმერთმა გაუმრავლოს ბიბლიაში დაწერილი ყოველი სიკეთე.

მინდა მოკრძლებულად გამოვეხმაურო და დავგმო 4 დეკემბერს იმ ადამიანების ქმედება, რომელთაც უნდოდათ ხანუქას სადღესასწაულო ღონისძიების ჩაშლა. თუ მთავარ მიზეზად ის სახელდება, რომ მათ იესო უარყვეს და ჯვარს აცვეს, მაშინ აქვე შეგახსენებთ, ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, ავაზაკად წოდებულმა, ვინც პირველმა მოინანია და ღმერთმა სასუფევლის კარი გაუღო, ებრაელი იყო, ყველა მოციქული ებრაელი გახლდათ და თავდ იესოს დედა, ღვთისმშობელი მარიამი ებრაელი იყო. შეუცნობია უფალო შენი გზები – ამ სიტყვებს ბიბლიის არაერთი ღვთისმეტყველი იმეორებს. ამ ყველაფრის ღრმა თეოლოგიური ანალიზი კიდევ უფრო მეტის მთქმელია თუმცა მინდა მოკლედ დავასრულო და ვთქვა, მე ვეტრფი იმ სიყვარულის განცდას, რომელსაც უფლის სიტყვები გვასწავლა: ,,სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, არ ეძიებს თავისას, არ რისხდება და არ განისაზღვრავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს (1 კორ. 4)” - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები