პუტინის ვიზიტი სომხეთში

ერევანში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი გააპროტესტეს

ვლადიმირ პუტინი
Time

ერევანში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით, მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები „სერჟიკ მოღალატევ“ „სერჟიკ წადი“ „წადი შენს პუტინთან“ „სტოპ რაშა“ და „სომხეთი რუსეთის გარეშე“-ს სკანდირებდნენ. სომხური მედიის ცნობით, აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა, რასაც დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

პუტინმა სომხეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთი ამიერკავკასიიდან წასვლას არასოდეს აპირებდა და პოზიციების გამყარებასაც გეგმავს. მისი თქმით, სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანება სომხეთის პროგრესს ხელს შეუწყობს. ვიზიტის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სომხეთი რუსეთიდან გაზს ამიერიდან შემცირებულ ფასებში შეისყიდის.

"ჩვენ სომხეთს ინტეგრაციის თანაბარუფლებიან მონაწილედ ვხედავთ, დავეხმარებით სომეხ მეგობრებს, რომ გაწევრიანების პროცესი მაქსიმალურად ეფექტურად წარიმართოს. მონაწილეობას საბაჟო კავშირსა და ერთიან ეკონომიკურ სივრცეში უკვე მოაქვს საგრძნობი დივიდენდები რუსეთისათვის, ყაზახეთისთვის და ბელორუსისთვის" -  განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. 

3 სექტემბერს სომხეთმა გადაწყვიტა, გაწევრიანდეს საბაჟო კავშირში და მონაწილეობა მიიღოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნაში. მანამდე კი სომხეთი, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მსგავსად, ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

კომენტარები