ლარის კურსის ცვლილება

ლარის კურსის ცვლილებას ექსპერტები აფასებენ

ეროვნული ვალუტის მერყევი კურსი უკვე ერთი კვირაა აქტიური განხილვის საკითხია. ლარის კურსმა ვარდნა ნოემბრის დასაწყისში დაიწყო. 7 ნოემბერს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1.6792 იყო, რაც ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მოგვიანებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. დღევანდელი მონაცემებით, კი ამ ნიშნულმა 1.6967 მიაღწია. 

საპარლამენტო უმცირესობა ლარის კურსის გაუფასურებას ეკონომიკის სისუსტით ხსნის. ფინანსთა მინისტრი კი ამბობს, რომ ლარის კურსის მერყეობა პრობლემა არ არის და ის სეზონური მოვლენაა.

ლარის კურსის გაუფასურებაზე განცხადებები გააკეთეს ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროშიც. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ლარის კურსის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა. 

ტაბულამ ერთმანეთს ბოლო სამი წლის ის მონაცემები შეადარა, რომელთა მიხედვითაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში იცვლება. გრაფიკიდან ჩანს, რომ 2011, 2012 და 2013 წლებში ეროვნული ვალუტა გამუდმებით მერყეობს. უფრო მეტიც, წლევანდელი მონაცემებით, ვალუტის კურსი შედარებით უფრო სტაბილურია, ვიდრე 2011 წელს, როდესაც წლის დასაწყისში არსებული ვალუტის გაცვლითი კურსი 1.8-დან წლის ბოლოს 1.66-მდე დაეცა.

ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებიც გამოითქვა. ექსპერტთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ძველ ხელისუფლებას კურსი ხელოვნურად ეჭირა, დღეს კი ეროვნული ვალუტა კონტროლისგან თავისუფალია. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ლარის გაუფასურება ბიუჯეტის "გადასარჩენად" ხდებოდა. ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში საქართველოში არ შეიმჩნევა ტენდენცია, რომლის გამოც ლარის კურსს შესაძლოა რაიმე საფრთხე შეექმნას. მისივე თქმით, ვალუტის კურსის სწრაფი ცვლა მიზანშეწონილი არაა და ამ დროს მთავრობის როლი მნიშვნელოვანია.

კომენტარები