სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა

პრეზიდენტი სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკეს მიესალმება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკეს მიესალმება. გიორგი მარგველაშვილმა შესაბამისი განცხადება გაავრცელა.

“მივესალმებით სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკეს, რომელიც ადასტურებს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპებისადმი ერთგულებას და მხარს უჭერს წევრი სახელმწიფოების ძალისხმევას მშვიდობიანად დაარეგულირონ კონფლიქტები. ოკუპაცია, ახალი ბარიერების აღმართვა და სეპარატიზმის მხარდაჭერა სრულიად მიუღებელია 21-ე საუკუნეში. ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებას ნებისმიერი სადავო და მტკივნეული საკითხის მოლაპარაკებების გზით დარეგულირებისთვის. სახელმწიფოთა სუვერენული უფლებაა თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. ამ მიმართებით მათზე ზეწოლა სრულიად დაუშვებელია. კიდევ ერთხელ მივესალმებით სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის მონაწილეებს და ვადასტურებთ მხარდაჭერას იმ ინიციატივებისადმი, რომლებიც მიმართულია თანამშრომლობის გაღმავებისა და მშვიდობის განმტკიცებისადმი”, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში მუშაობა დაასრულა. მასში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა კიევში განვითარებული მოვლენები შეაფასეს. ასამბლეის მონაწილეები მიესალმებიან უკრაინის არჩევანს და იმედი აქვთ, რომ კრიზისი მოლაპარაკებების გზით გადაწყდება.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეამ კომუნიკე და განცხადება მიიღო. დოკუმენტებში საქართველოში რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტია დაფიქსირებული და საუბარია კავკასიაში რუსეთის ჯარების ყოფნის ნეგატიურ მხარეზე. დოკუმენტი ასევე ეხება გაერთიანების პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს. სუამ-ის ქვეყნების განცხადებას კონფერენციაზე მოწვეული პოლონეთისა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

კომენტარები