უკრაინა

უკრაინული ოპოზიცია ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს

facebook.com/EuroMaydan

ოპოზიცია უკრაინაში ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს. ამის შესახებ ევრომაიდანზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ფრაქცია ბატკივშჩინას თავმჯდომარე არსენი იაცენიუკმა განაცხადა.

„ჩვენი მიზანია ხელი მოვაწეროთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. მეორე მიზანია ეს შეთანხმება შევასრულოთ და უკრაინა ევროპული სახელმწიფო გავხადოთ. ამ გზაზე ერთი დიდი პრობლემა გვაქვს - პრეზიდენტი იანუკოვიჩი. ოპოზიციის პირველი ამოცანა იანუკოვიჩის რეჟიმის შეცვლაა", - განაცხადა იაცენიუკმა.

მისი განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონპროექტის შეტანას აპირებს. ამასთან ერთად, მისი განცხადებით, მთელ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართება. „მათ უნდა დაინახონ ჩვენი ძალა, უნდა დაინახონ, რომ ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორსა და პროევროპელ მოქალაქეთა შორის სრული ერთიანობაა", - განაცხადა ოპოზიციონერმა.

კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა აქციაზე საღამოს ათეულათასობით ადამიანი შეიკრიბა. ხალხმრავლობის გამო კრეშჩატიკის გამზირი გადაიკეტა. სპეცრაზმელებმა, რომლებსაც დემონსტრანტები ალყაში ჰყავდათ მოქცეული, უკან დაიხიეს.

მაიდანის გარშემო ათასზე მეტ სპეცრაზმელია მობილიზებული. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლა მოხდა, აქციის მონაწილეთა შორის არიან დაშავებულები.

ფიზიკური დაპირისპირება სპეცრაზმელებსა და დემონსტრანტებს შორის ოპოზიცის კუთვნილი მიკროავტობუსების გამო მოხდა, რომლებშიც ხმის გამაძლიერებელი აპარატურა იყო მოთავსებული - პოლიცია მანქანების ბლოკირებას ცდილობდა.თვითმხილველების მტკიცებით, სპეცრაზმელთა ზურგსუკან პროვოკატორები მოქმედებენ, რომლებიც დემონსტრანტებს თავს ესხმიან.

მოედნის მოპირდაპირ მხარეს ხელისუფლების მხარდამჭერები ალტერნატიული აქციის შეკრებას ცდილობდნენ. დღის განმავლობაში ისინი რეგიონებიდან ავტობუსებით ჩაიყვანეს. მათი მობილიზება მაიდანის გარშემოც შეინიშნებოდა.

პარტიია „ბატვივშჩინას" ლიდერმა ალექსანდრ ტურჩონოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლება აქციის დარბევისთვის ემზადება.

აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაეტმა უკრაინის ხელისუფლება გააფრთხილა იმის შესახებ, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის „სერიოზული შედეგები" მოჰყვება. ევროკავშირის წარმომადგენლობამ კი ყველა მხარეს მოუწოდა, ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

ევროინტეგრაციის მომხრეები პრეზიდენტ იანუკოვიჩისგან ევროკაშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას მოითხოვდნენ. თუმცა, პრეზიდენტს გადაწყვეტილება არ შეუცვლია და ვილნიუსის სამიტზე დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია.

კომენტარები