მარგველაშვილი ვილნიუსში

მარგველაშვილი ვილნიუსში ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვილნიუსში ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მარტინ შულცს არაღიარების პოლიტიკისა და ევროპარლამენტის მიერ საქართველოსათვის სხვადასხვა სფეროებში გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობა. მარტინ შულცმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ევროპული არჩევანი და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამიტის მნიშვნელობაზე და ევროკავშირში საქართველოსა და მოლდოვის პერსპექტივებზე.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მათი შეხვედრა ისევ შედგება.

კომენტარები