ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართალდამცავების მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე სანქცია 2000 ლარამდე გაიზარდა

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების განკარგულების, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სანქცია გახუთმაგდა და 400-დან 2000 ლარამდე გაიზარდა. სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში კი პირს 2000 ლარამდე ჯარიმა, ან 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ელოდება. შს სამინისტროს მიერ მომზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევაზე სადღეისოდ მოქმედი სანქცია ასეთია - დაჯარიმება 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელი სამუშაოს დაკისრება ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით. თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღემდე ვადით.

პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონის თანახმად კი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. გარდა ამისა, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისას, პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება სამ წლამდე ვადით.

მძღოლებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დამუქებულ მინებიანი ავტომობილებით სიარულზეც გამკაცრდა. მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობის გარეშე, იწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. პარლამენტის მიერ მიღებული პროექტით, მინების დამუქებაზე 50-ლარიანი ჯარიმა ძალაში დარჩა, მაგრამ კოდექსს ახალი მუხლები დაემატა, რომელთა გათვალისწინებით, წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორება პირის 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში კი, მას მართვის უფლებას ექვსი თვის ვადით შეუჩერებენ.

შეგახსენებთ, რომ დამუქებულ მინებიან ავტომობილებთან დაკავშირებით შსს-ს პარლამენტში კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა აქვს წარდგენილი, რომელიც მიხედვითაც, მძღოლებს სატრანსპორტო საშუალების მინების დამუქების გარდა, მანქანებში შუქგამტარობის სხვა ფორმით შეზღუდვაც აეკრძალებათ - მაგალითად, ე.წ. ფარდებით. 

კომენტარები