მოლდოვა

ევროკომისია მოლდოველებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღებას უჭერს მხარს

trm.md

ევროკომისიამ წინადადება წამოაყენა მოლდოვის იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ, შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების თაობაზე. წინადადების საფუძველი მოლდოვის მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პირობების შესრულებაა.

ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარმა სესილია მალმსტრომმა განაცხადა, რომ მოლდოველებისათვის მინიჭებული შესაძლებლობა, უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში, გააღრმავებს კონტაქტებს ადამიანებს შორის და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი, კულტურული და ბიზნესკავშირების განმტკიცებას. მან ასევე მიულოცა მოლდოვის ხელისუფლებას სავიზო ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი რეფორმების წარმატებული განხორციელება და გამოთქვა იმედი, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებიც განაგრძობენ სვლას სავიზო ლიბერალიზაციის მიზნისაკენ.

ევროკავშირის გაფართოებასა და სამეზობლო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი კომისარი შტეფან ფულეც მიესალმა მოლდოვის წარმატებას და განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება ვილნიუსში ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დაწყებამდე მოხერხდა. მან ასევე ხაზი გაუსვა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას მოლდოვისა და მისი მოქალაქეებისათვის.

ევროკომისიის წინადადების შესახებ ჯერ ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ უნდა იმსჯელონ, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მოლდოვისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ევროკომისიის წინადადებას წინ უძღოდა ხელისუფლების მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმები პოლიციის, მართლმსაჯულების, საზღვრების დაცვის და ადამიანის უფლებების სფეროში. ამასთანავე, ბოლო წლების განმავლობაში მოლდოვის მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას ევროკავშირის ვიზების გამარტივებული წესით მიღების საშუალება ჰქონდა. მოლდოველი სამართალდამცავების თანამშრომლობამ ევროპელ კოლეგებთან და არალეგალური მიგრანტების, ისევე როგორც სავიზო აპლიკაციებზე უარმიღებულ მოქალაქეთა მცირე რაოდენობამ, ევროკომისიის გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა.

 

კომენტარები