მინარეთი ჭელაში

მუსლიმთა კავშირი ჭელაში მინარეთის აღდგენას დემოკრატიის გამარჯვებად აფასებს

მინარეთი
ტაბულა

საქართველოს მუსლიმთა კავშირმა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში რამდენიმე თვის წინ მოჭრილი მინარეთის აღდგენასთან დაკავშირებით, დღეს, 28 ნოემბერს, განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სოფელ ჭელაში თავის ადგილს დაუბრუნდა რამდენიმე თვის წინ "მოტაცებული" მინარეთი. ვფიქრობთ, რომ ეს არის მოვლენა, როცა შეიძლება ითქვას, საქართველოში იმარჯვებს დემოკრატია. ეს არის, საქართველოს ყველა მოქალაქის მონაპოვარი, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა. ქართველი მუსლიმების სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესის მშვიდად და დემოკრატიულად მოგვარებაში. კერძოდ, გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობის იმ უწყებებს და პირებს, რომლებიც ჩაერთვნენ და მიიღეს გონივრული გადაწყვეტილება მინარეთის თავის ადგილზე აღმართვასთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდით საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის დიდი წვლილიც არის აღნიშნული საკითხის მოგვარებაში; სახალხო დამცველის აპარატს, მასთან არსებულ რელიგიათა საბჭოს ხელმძღვანელობას და მის ყველა წევრს; საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, განსაკუთრებით, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარს, მთავარეპისკოპოსს მალხაზ სონღულაშვილს; საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს; რეგიონალურ და ცენტრალურ მედია საშუალებებს, ჟურნალისტებს; საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს; ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებს; უცხოეთში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერ საერთაშორისო ორგანიზაციებს. არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ და მადლობა არ ვუთხრათ ადგილობრივ ქართველ მუსლიმებს მოთმინებისათვის, იმ გონივრული, მიზანმიმართული და სწორი ქმედებებისათვის, რამაც ხელი შეუწყო პროცესების მშვიდ და დემოკრატიულ ჩარჩოებში წარმართვასა და საბოლოო მოგვარებას. აქვე, ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას რეგიონის მართლმადიდებელი მრევლისადმი, რომლებიც პატივს სცემენ განსხვავებული მრწამსის ადამიანებთან ურთიერთობას და ხელს უწყობენ ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობასთან კეთილმეზობლური კავშირების განმტკიცებას". 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჭელის მუსლიმ თემს მინარეთის აღმართვის ნებართვა 27 ნოემბერს, მას შემდეგ მისცა, რაც მუსლიმებმა მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია მოაწესრიგეს.

სოფელ ჭელიდან მეჩეთი 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა მოჭრა. მინარეთი ამის შემდეგ სოფელში დაბრუნდა, დასაწყობდა, დაილუქა და ამ დრომდე მიჩენილი ჰყავდა დაცვა.

ჭელაში მინარეთის დადგმას ეწინააღმდეგებოდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები, მათ მინარეთის დადგმის საწინააღმდეგო აქციებიც კი გამართეს ადიგენში.

კომენტარები