აღმოსავლეთ პარტნიორობა

ვილნიუსი - მკაფიო ევროპული პერსპექტივის გარეშე

აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის პროექტიდან საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების ევროკავშირში მომავალი წევრობის შესახებ ჩანაწერი ამოღებულია. ამის შესახებ  რადიო თავისუფლება იუწყება.

წყაროს ცნობთ, დეკლარაციის თავდაპირველ პროექტში ნათქვამი იყო, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შეეძლოთ გაეგრძელებინათ ევროპისკენ სწრაფვა, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად. ამ მუხლის თანახმად კი,  ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს პატივს სცემს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია.

პროექტის ბოლო ვარიანტში, რადიო თავისუფლების მტკიცებით, ეს  მუხლი ნახსენები აღარ არის. ამის ნაცვლად დოკუმენტში წერია, რომ ვილნიუსის სამიტის მონაწილეები „აღიარებენ ზოგიერთი პარტნიორის ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, ისევე როგორც მათ მტკიცე პოზიციას, ააშენონ ღრმა და მდგრადი დემოკრატია“.

როგორც რადიო თავისუფლების ინგლისურენოვანი ვებგვერდი 31 ოქტომბერს იუწყებოდა, თავდაპირველ პროექტში ნახსენები იყო, რომ „სამიტი აღიარებს ყველა წევრი ქვეყნის სუვერენულ უფლებას თავად აირჩიონ ევროკავშირთან ურთიერთობის საკუთარი ამბიცია და საბოლოო მიზანი და გადაწყვიტონ, დარჩნენ პარტნიორებად ევროკავშირის ხელშეკრულების მ-8 მუხლის შესაბამისად თუ გაჰყვნენ თავის ევროპულ მისწრაფებებს 49-ე მუხლის შესაბამისად“.

შესაბამისად, შეტანილი ცვლილებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპასთან ინტეგრაციის ხარისხის „დაკნინებას“ ითვალისწინებს - ევროკავშირის წევრობის მკაფიო პერსპექტივის გარეშე.   

20 ნოემბერს, პოლონელ ჟურნალისტებთან საუბრისას აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ვილნიუსის დეკლარაციაში ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის ხსენება „შესაძლოა, არ შევიდეს“. 

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს,  რომ დეკლარაციაში ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის აღნიშვნის მოლოდინი არ ჰქონია. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, თბილისს ნამდვილად სურს მიიღოს ევროპული პერსპექტივა ისე, როგორც ეს არის აღნიშნული 49 მუხლში და ამ სურვილს აფიქსირებს ევროკავშირთან ურთიერთობაში.  „მაგრამ ევროკაშირის მხრიდან მსგავსი შეპირება არასდროს, არცერთ ეტაპზე არ ყოფილა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ევროკავშირი საქართველოს ევროპული ამბიციების დაკმაყოფილებას ჯერჯერობით არ ჩქარობს -  გამოცემა Euobserver-ში აგვისტოში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტი, რომლის პარაფირება ვილნიუსში მოხდება და რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გასაჯაროებულა, იმაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირს გაფართოება არ სურს.

კერძოდ, დოკუმენტში საქართველო მოხსენიებულია „აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც ევროკავშირის ფასეულობების ერთგულია“.

გამოცემა აღნიშნავს,  რომ ფორმულირება „აღმოსავლეთევროპული სახელმწიფო“ ფარულ მნიშვნელობას შეიცავს. რადგან 49-ზე მუხლი ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობას „ევროპული სახელმწიფოსთვის“ ითვალისწინებს.

ავტორი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში სწორედ ევროპულ სახელმწიფოდ მოხსენიებისთვის იბრძოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრები -  უკრაინა და მოლდოვა.

ინკოგნიტო პოლონელი დიპლომატის თქმით, საქართველოსთვის ეს დადებითი ფორმულირებაა, რადგან დოკუმენტი ამ ქვეყანას ევროპულ და არა, მაგალითად „კავკასიურ ან აზიურ“  სახელმწიფოდ აღიარებს.  თუმცა, გერმანელმა დიპლომატმა ავტორს დაუდასტურა, რომ ამ საგანგებო ფორმულირების უკან  სწორედ გაფართოების სურვილის არქონა დგას.

განსხვავებული ფორმულირება შევიდა უკრაინასთან უკვე პარაფირებული ასოცირების შეთანხმების პრეამბულაში - დოკუმენტში უკრაინა ცალსახად „ევროპულ სახელმწიფოდ“ არის აღიარებული.  ხელშეკრულების ტექსტის მიხედვით, მხარეები „აღიარებენ, რომ უკრაინა, როგორც ევროპული სახელწმიფო,  იზიარებს საერთო ისტორიას და ფასეულობებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და განწყობილია ამ ფასეულობების  მხარდასაჭერად“. 

გარდა ამისა, შეთანხმების პარაფირებამდე, 2011 წლის ოქტომბერში  უკრაინამ „ევროპულ სახელმწიფოდ“ აღიარებას და  49-ე  მ უხლის  საფუძველზე მისი ევროპული ამბიციების ცნობას ევროპარლამენტისგან მიაღწია. თუმცა, რეზოლუციაში ქვეყნის მიერ დასაკმაყოფილებლად აუცილებელი  კრიტერიუმები იყო ჩამოთვლილი - ადამიანის უფლებების დაცვა, ფუნდამენტური თავისუფლებების უზრუნველყოფა და კანონის უზენაესობა. 

მაგრამ, როგორც უკრაინამ, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრებმა ვერ მიაღწიეს ევროკავშირში მათი წევრობის პერსპექტივის მკაფიოდ ფორმულირებას წინა სამიტზე, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში ვარშავაში ჩატარდა. ამ საკითხზე სამიტის საბოლოო დეკლარაციაში პრაქტიკულად იგივე ფორმულირება შევიდა, რაც ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის პროექტშია: “სამიტის მონაწილეები აღიარებენ ზოგიერთი პარტნიორის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს და მათ ნებას ღრმა და მდგრადი დემოკრატიის მშენებლობისათვის, ყურადღებას ამახვილებენ აღმოსავლეთის პარტნიორობის განსაკუთრებულ როლზე მათ მხარდასაჭერად, ვინც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისკენ ისწრაფვის”.  

მაშინ ცნობა იმის შესახებ, რომ დოკუმენტში ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის ხსენებას პოლონეთი უჭერდა მხარს, პოლონურ მედიაში გაჩნდა. თუმცა, დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში ამგვარი ფორმულირება ვერ მოხვდა. 

აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას ვარშავის სამიტზე ღიად ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა, ნიკ კლეგმა დაუჭირა მხარი.  როგორც მაშინ  პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ევროკავშირის ძალიან ბევრი ლიდერი გუშინ და დღეს საუბრობდა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. თუნდაც რამდენიმე თვის წინ, ამის ხმამაღლა თქმაც არ შეიძლებოდა”. 

ორი წლის წინ, ვარშავის სამიტზე საქართველოსა და მოლდოვასთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების დაწყება გადაწყდა. რომლებიც ვილნიუსის სამიტისთვის პარაფირების სტადიამდე მივიდა. თუმცა, ევროპის ქვეყნების ნაწილი ამჯერადაც არ აღმოჩნდა მზად, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებისთვის მკაფიო ევროპული პერსპექტივა დაეფიქსირებინა.

რადიო თავისუფლების ცნობით,  ვილნიუსის დეკლარაციის პროექტზე დისკუსიაში გამარჯვება გაფართოების პერსპექტივის მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა სახელმწიფოებმა მოიპოვეს,  გერმანიის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ლიდერობით. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მომხრეებად კი პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და შვედეთი  გამოდიოდნენ.

დეკლარაციის პროექტიდან არ არის ამოღებული უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის აღნიშვნა  - ევროკავშირს, როგორც ჩანს, კიევისთვის ამ შესაძლებლობის ბოლო მომენტამდე დატოვება სურს. 

კომენტარები