მგზავრობის გადასახადი

სოციალურად დაუცველები 50%-იანი ფასდაკლებით დღეში 4-ჯერ იმგზავრებენ

კომპანია თბილისის მიკროავტობუსის ხელმძღვანელის დავით ასანიძის თქმით, სოციალურად დაუცველები თბილისის მიკროავტობუსებით 50%-იანი ფასდაკლებით დღის განმავლობაში მხოლოდ 4-ჯერ იმგზავრებენ. ფასდაკლებით 70 000-ზე დაბალი ქულის მქონე სოციალურად დაუცველები ისარგებლებენ.

სოციალურად დაუცველებს მეხუთე გავლაზე შეღავათი აღარ ექნებათ. კერძოდ, პირველი მგზავრობისას პირველი გადასახადი იქნება 40 თეთრი, დანარჩენი 40 თეთრი კი მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მეორე გავლაზე, სოციალურად დაუცველი ასევე ისარგებლებს ფასდაკლებით და 65 თეთრის ნაცვლად დაფარავს 32 თეთრს და ასე იქნება შემდგომი მესამე და მეოთხე მგზავრობის შემთხვევაში.

დავით ასანიძემ ლიმიტირებული შეღავათი იმით ახსნა, რომ სოციალურად დაუცველებისთვის მგზავრობაზე ფასდაკლება ადრეც არსებობდა და დაფიქსირდა შემთხვევები, რომ ერთი ბარათიდან დღის განმავლობაში 20-30 გავლა იყო აღრიცხული. ასანიძის თქმით, სოციალურად დაუცველებს მერია სპეციალურ ბარათებს დაურიგებს. 

სოციალურად დაუცველებისათვის 50%-იანი შეღავათის შესახებ დედაქალაქის საკრებულომ გადაწყვეტილება 20 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. ამ მიზნით თბილისის ბიუჯეტში ცვლილებაც შევიდა და 300 000 ლარი გამოიყო.

კომენტარები