თანაინვესტირების ფონდი

TI: თანაინვესტირების ფონდს მფლობელობის და მმართველობის რთული სტრუქტურა აქვს

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სექტემბრის ბოლოს კერძო საინვესტიციო ფონდი აამოქმედა, რომელმაც საქართველოს კერძო სექტორში ინვესტირება უნდა წაახალისოს. მისი განცხადებით, აღნიშნულმა კერძო სააქციო ფონდმა კერძო ინვესტორებისგან 6 მილიარდი აშშ დოლარი უკვე მოიზიდა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 38%-ია. თანაინვესტირების ფონდის შესახებ, დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ მოიძია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ახალ თანაინვესტირების ფონდში, სხვა ინვესტორების პარალელურად, თავისი ქონებიდან 1 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდებას აპირებს. ფონდში თავმოყრილი ქონების 80% მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციად ჩაიდება. "მიუხედავად იმისა, რომ თანაინვესტირების ფონდ კერძო ინვესტორები და არა სახელმწიფო აფინანსებს, როგორც ჩანს, იგი შიდა ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რაც კი კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წლის მანძილზე გამოცხადებულა", - აღნიშნულია ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულ წერილში.

თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობამ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დაუდასტურა, რომ ფონდი ყოველწლიურად 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას მოახდენს. ამასთან, ფონდს აქვს მიღებული მასთან თანაინვესტირების მსურველი 80 კერძო ინვესტორის შემოთავაზება. თუმცა თანაინვესტირების ფონდი არ ასაჯაროებს დეტალურ ინფორმაციას მისი პროექტების შესახებ და არც ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებას აპირებს. როგორც ფონდში ამბობენ, უკვე შერჩეულია 10 პროექტი, რომელიც კომპლექსური შემოწმებისა და განხორციელების სტადიაზეა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, თანაინვესტირების ფონდს რთული მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურა აქვს: იგი კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული და მას სრულად ფლობს სუბიექტი ჰონგკონგიდან, რომელსაც, თავის მხრივ, სრულად ფლობს სუბიექტი ლუქსემბურგიდან, რომელიც, საბოლოო ჯამში, აფინანსებს თანაინვესტირების ფონდის პროექტებს. ფონდს ქართული კომპანია GCF Partners მართავს, რომლის წილთა 42% ეკუთვნის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს - 28 წლის გიორგი ბაჩიაშვილს, 16% - ლევან ვასაძეს, ხოლო 42%  - უჩა მამაცაშვილს. როგორც ბაჩიაშვილის განმარტავს, "ვასაძე და მამაცაშვილი მართვის კომპანიის აქციონერები არიან. მათ არ აქვთ რაიმე აქტიური შეხება ან წვდომა იმ ფულად სახსრებზე, რომლებსაც GCF Partners მართავს". მისივე თქმით, მრჩეველთა საბჭოს ინფორმაცია განახლდება და მას სესხების გაცემის, პროექტების მიმდინარეობისა და აუდიტორთა დანიშვნა-გათავისუფლების, ასევე, ნებისმიერი სახის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტების გადაჭრის ფუნქციები დაეკისრება.

ბაჩიაშვილის თქმით, თანაინვესტირების ფონდის მხარდამჭერები არიან კომპანიები არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან, ასევე, ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე მაშკევიჩი და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახში. ფონდში არ აკონკრეტებენ თუ რა თანხას ჩადებს თითოეული ინვესტორი ფონდში.

როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო თავის ვებგვერდზე წერს, "ინვესტორებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან საუბრისას გაირკვა, რომ ისინი უფრთხიან რეპუტაციასთან დაკავშირებულ იმ რისკებს, რომლებიც თანაინვესტირების ფონდის ზოგიერთი ინვესტორის გვერდიგვერდ ინვესტირებამ შეიძლება გააჩინოს". თუმცა ამ რისკებს თვითონ თანაინვესტირების ფონდში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. 

კომენტარები