უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობა

ენმ უკრაინის შესახებ განცხადების პროექტს არცელებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკრაინის შესახებ განცხადების პროექტს არცელებს, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წამოაყენა. პროექტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ვინაიდან ევროპულ ოჯახში დაბრუნება წარმოადგენს ქართველი ხალხის ურყევ ისტორიულ არჩევანს;

ვინადაინ ევროპის კავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობა წარმოადგენს ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების ევროპის კავშირთან დაახლოების პრინციპულად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს;
ვინაიდან უკრაინის ევროპის კავშირთან დაახლოება დადებითად აისახება არა მხოლოდ უკრაინელი, არამედ, ქართველი ხალხის არჩევანის ხორცშესხმაზე;

ვინაიდან მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან გავლენის სფეროების დოქტრინის განხორციელება;

ითვალისწინებს რა, რომ უკრაინელმა ხალხმა მრავალჯერ დაადასტურა თავისი პროევროპული არჩევანი;

ითვალისწინებს რა, ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უკრაინის მიერ მრავალი წლის განმავლობაში წარმოებულ მოლაპარაკებებს;

საქართველოს პარლამენტი:

1) უცხადებს სრულ მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს მის მიერ საკუთარი სუვერენიტეტის განხორციელებაში, რაც გულისხმობს საგარეო პოლიტიკის უკრაინის ინტერესების შესაბამისად წარმოებას;

2) გამოხატავს რწმენას, რომ უკრაინის თავისუფალი ერების ევროპული ოჯახისკენ სვლის შეჩერება შეუძლებელია. ყოველგვარი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის შესაფერხებლად, თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული.

3) გამოხატავს შეშფოთებას, უკრაინის მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის მიზნით, რუსეთის ფერედაციის მიერ უკრაინის ხელისუფლებაზე ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟის გამო.

4) გამოხატავს იმედს, რომ მოხერხდება არსებული წინააღმდეგობების გადალახვა, უკრაინის მთავრობა არ დაექვემდებარება რუსეთის ფედერაციის შანტაჟს და არ გადაუხვევს ევროპული ინგეტრაციის გზას" - ნათქვამია განცხადების პროექტში.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინის შესახებ დადგენილების მიღების ინიციატივით გამოვიდა. მათი განცხადებით, დოკუმენტში უნდა დაფიქსირდეს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით კი, თუ უმცირესობას განცხადების მომზადების სურვილი აქვს, ჯობს, დეპუტატები ამ თემაზე შეიკრიბონ და იმსჯელონ. ამიტომ, დეპუტატები უკრაინის თემაზე კონსულტაციებს გამართავენ. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები დღეს შეხვდებიან და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადების შემუშავებაზე იმსჯელებენ.

გავა თუ არა უმცირესობის მიერ შემუშავებული ტექსტი პარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

21 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა.

ამასთან დაკავშირებით, კიევში საპროტესტო აქციები დაიწყო. 100 000-ზე მეტი უკრაინელი დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბა და რადას გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გააპროტესტა. BBჩ-ის ცნობით, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რათა სამთავრობო შენობებთან მიახლოების საშუალება არ მიეცათ. საპროტესტო აქციას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური აქციაა.

საპროტესტო აქციას კიევში უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოსახლეობაც უერთდება. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი გამოსვლებს არ შეწყვეტენ, სანამ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

 

კომენტარები