საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვებგვერდი ivanishvilibidzina.com, bidzinaivanishvili.ge, ასევე ივანიშვილის ოფიციალური გვერდი ფეისბუქში Bidzina Ivanishvili Official გაუქმებულია. აღნიშნული გვერდი ფეისბუქზე დარეგისტრირებულ ქართულ გვერდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო და ის 315 055 ადამიანს ჰქონდა მოწონებული.
პრემიერმინისტრის პრესსამსახურის თანამშრომელმა ანა გოჩაშვილმა ტაბულას განუცხადა, რომ ყოფილმა პრემიერმა აღნიშნული გვერდები დროებით გააუქმა. გოჩაშვილის თქმით, ივანიშვილმა საჯაროდაც განაცხადა, რომ ის 2-3 თვის განმავლობაში საზოგადოებრივ აქტივობას არ გეგმავს, შესაბამისად, ამ პერიოდში გათიშული იქნება მისი გვერდი ფეისბუქზე, ასევე ვებგვერდები. სამოქალაქო სექტორში გადასულ ბიძინა ივანიშვილს, ჯერჯერობით, არ ჰყავს პრესსამსახური.
ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი 17 ნოემბრის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დატოვა. მან განაცხადა, რომ საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს, ხოლო ეს რა ფორმით მოხდება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.





