შეწყალების კომისია

ბესელია: მივესალმები შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ელისაშვილის დანიშვნას

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ალეკო ელისაშვილის დანიშვნას დადებითად აფასებს. მისი თქმით, კომისია უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი წარმომადგენლებით, რომლებიც არ იქნებიან მხარეები და ნეიტრალურები იქნებიან.

"კომისიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე მხოლოდ პოზიტიურად შევაფასებ და მივესალმები შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ალეკო ელისაშვილის დანიშვნის გადაწყვეტილებას. კომისია უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი წარმომადგენლებით, რომლებიც არ იქნებიან მხარეები, იქნებიან ნეიტრალურები და, ამავე დროს, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საკმარისი გამოცდილება ექნებათ. გამოცდილება ეხება განსაკუთრებით პატიმრებთან მუშაობას და მათი უფლებების დაცვას. ძალიან საინტერესო მიმართულება აქვს კომისიას, რომელიც სწავლობს მსჯავრდებულების საქმეებს", - თქვა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა დღეს წარმოადგინა. კომისიას ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან კახა კოჟორიძე, თამარ ხიდაშელი, ლია მუხაშავრია, ბასა ჯანიკაშვილი, უჩა ნანუაშვილი, მიტროპოლიტი მამა თეოდორე, ეკა გიგაური, გივი შაჰნაზარი, კოტე ჯანდიერი, ზვიად ქორიძე და თეა გოგოტიშვილი.

კომენტარები