კონფლიქტი სირიაში

ქართული არმიის ყოფილი ჯარისკაცი, რომელიც სირიელ მეამბოხეებს თავზარს სცემს

თარხან ბათირაშვილი ქართულ არმიასა(მარცხნივ) და სირიის სამოქალაქო ომში
The Wall Street Journal

Wall Street Journal-მა სირიაში მებრძოლ ჩეჩნებზე, რომლებსაც ქართული არმიის ყოფილი ჯარისკაცი და აგვისტოს ომის მონაწილე თარხან ბათირაშვილი მეთაურობს, სტატია გამოაქვეყნა. მედიასაშუალების ინფორმაციით, სირიაში მებრძოლი ბათირაშვილი შიშის ზარს სცემს როგორც სირიელ მეამბოხეებს, ისე მოწინააღმდეგეებს.

Wall Street Journal-ს ინფორმაციით, ეთნიკურად ჩეჩენი თარხან ბათირაშვილი, რომელმაც სამხედრო სწავლება ამერიკის მიერ დაფინანსებულ ქართულ არმიაში გაიარა, სირიაში ამბოხებულების მხარდამხარ იბრძვის, თუმცა, გაცილებით რადიკალური დაჯგუფების მეთაურია.

ჯიჰადისტი მეთაური ცოტა ხსნის წინ უცნაურად გამოჩნდა ჩრდილოეთ სირიაში და სათავეში უდგას ალ ყაიდასთან დაკავშირებულ ტერორისტულ დაჯგუფება The Islamic State of Iraq and the Sham (ISIS)-ს. სწორედ ამ დაჯგუფებამ დაარბია სირიის მთავარი სამხედრო ბაზები, სიკვდილით საჯაროდ დასაჯა ადამიანები და ქვეყანაში დაჩრდილა აშშ-ს მხარდაჭერილი ზომიერი მეამბოხე ჯგუფები, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდებას ცდილობენ.

"ბათირაშვილის ნათესავებთან და არმიაში მის ყოფილ ხელმძღვანელებთან საუბარმა გამოააშკარავა ყოფილი საბჭოთა კავშირელი თანამედროვე ჯიჰადისტის კომპლექსური პორტრეტი, რომელიც წარუმატებლობითა და ახლად ნაპოვნი რელიგიური ვნებითაა ნასაზრდოები. ქრისტიანი მამისა და მუსლიმი დედის ოჯახში დაბადებული თარხან ბათირაშვილი საქართველოს სამხედრო ძალების სადაზვერვო ნაწილში მუშაობდა. როგორც მისი ყოფილი კოლეგები და მეგობრები ამბობენ, როდესაც მან თავისი შესაძლებლობები ამოწურა, გადაწყვიტა "წმინდა ომს" შეერთებოდა", - წერს Wall Street Journal.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, ბათირაშვილთან დაკავშირების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ხოლო ვებგვერდი fisyria.com, რომელიც მის მიღწევებს წარმოაჩენს, მედიასაშუალების თხოვნას კომენტართან დაკავშირებით, არ გამოეხმაურა.

ბათირაშვილის სირიაში ჩასვლა, მისი თანამებრძოლის, ემირ უმარ ალ-შიშანის თქმით, უკავშირდება ჩეჩნების და რუსულად მოლაპარაკე ისლამისტების მიერ პირველად გაცხადებულ სურვილს, სირიაში შეერთებოდნენ ჯიჰადის საერთაშორისო გამოძახილს.

Wall Street Journal ახალგაზრდა მეამბოხეებზე დაყრდნობით წერს, რომ ინტეგრირებულ ჯგუფებში რუსულენოვანი ისლამისტების სამხედრო შესაძლებლობებმა და სისასტიკემ ახალგაზრდა ჯიჰადისტებიც შეაშინა. ისინი ერთმანეთს რუსულად ან ჩეჩნურად ესაუბრებიან, ხოლო სხვებს - ყურანის არაბულზე. ზოგიერთმა მათგანმა სირიაში მამულები მოიპოვა, ადგილობრივებიდან გადასახადებს აგროვებს და მათ შარიათის კანონებით მართავს.

მიუხედავად სირიის ომის საშინელის სტანდარტებისა, ისინი შესამჩნევი გახდნენ უჩვეულო ძალადობით. მაგალითად, ერთი მიმომხილველი, რომელსაც კავშირი აქვს მეამბოხეებთან, ამბობს, რომ ინტერნეტით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილი იყო ძებნილი დაღესტნელი მებრძოლი ასადის მთავრობის მხარდაჭერისთვის სამ სირიელს თუ როგორ ჭრიდა თავს. გასულ კვირას ბათირაშვილის ჯგუფმა ბოდიში მოიხადა დაჭრილი ჯარისკაცისთვის შეცდომით თავის მოკვეთის გამო. აღმოჩნა, რომ თავმოჭრილი მეომარი მათი მოკავშირე მეამბოხეების მეთაური იყო.

ახლობლების თქმით, მაშინ, როცა სირიის ომი ბათირაშვილისთვის კრემლის მოკავშირე ასადის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებაა, ის ასევე სიძულვილით საუბრობს ამერიკის შესახებ. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ჯიჰადისტურ ვებგვერზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში თარხან ბათირაშვილი ამერიკელებს ალაჰისა და ისლამის მტრებს უწოდებს.

ყოფილი კოლეგების ცნობით, ბათირაშვილმა დღემდე არაერთი რელიგიური მრწამსი გამოიცვალა, თუმცა სხვა ჩეჩნების მსგავსად მასაც სურდა ებრძოლა კრემლის წინააღმდეგ, სადაც კი ამის საშუალება მიეცემოდა.

"აშშ-ს დაზვერვა ვარაუდობს, რომ სირიაში მეამბოხეებთან ერთად 17 000 უცხოელი იბრძვის. მათი ნახევარი დაჯგუფება ISIS-ის ფარგლებში ომობს. რუსი ოფიციალური პირების მიხედვით, მათ შორის დაახლოებით 1000 ჩეჩენია ჩრდილოეთ კავკასიიდან ან ევროპიდან. ბევრმა ჩეჩენმა თავშესაფარი საბჭოთა კავშირის დაშლისა და ჩეჩნეთის კონფლიქტის დროს ევროპაში მიიღო", - წერს Wall Street Journal.

გამოცემის ცნობით, ბათირაშვილის შესაძლებლობა, იმუშაოს უცხოელ ჯიჰადისტებთან, როგორც ჩანს მთავარი ფაქტორია მის ISIS-ის შიგნით დაწიანაურებაში. ექსპერტების თქმით, ISIS არის მთავარი ქოლგა ჯგუფი სირიაში მებრძოლი უცხოელებისთვის და აერთიანებს საუდის არაბეთელებს, ქუვეითელებს, ეგვიპტელებს და ჩინელებსაც კი.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ISIS შექმნა როგორც ქოლგა ორგანიზაცია ერაყელი ჯიჰადისტებისთვის, რომლებიც ბათირაშვილის ინტერვიუს მიხედვით, სირიის ომს აღიქვამენ არამხოლოდ ასადის რეჟიმის შეცვლის მცდელობად, არამედ ისტორიულ მიზნის - დიდი ისლამური სახელმწიფოს შექმნის - მიღწევის შესაძლებლობად.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ ბათირაშვილის მშობლები საქართველოში, პანკისში მცხოვრები ეთნიკურად ჩეჩენები არიან.

მამის, თემურ ბათირაშვილის თქმით, ბათირაშვილმა მეამბოხე სული პირველად მაშინ გამოავლინა, როდესაც მეცხვარე ბიჭი სოფელ ბირკიანში, აგურის ქოხში არასანიტარულ პირობებში ცხოვრობდა. მამის ინფორმაციით, ბათირაშვილი ჩეჩენ მებრძოლებს რუსეთის საზღვრის მალულად გადაკვეთაში ეხმარებოდა.

Wall Street Journal ბათირაშვილის ყოფილ ხელმძღვანელზე, თოფურიაზე დაყრდნობით წერს, რომ სკოლის დასრულების შემდეგ ბათირაშვილი საქართველოს არმიას შეუერთა, სადაც ის გამოირჩეოდა შეიარაღებისა და რუკების ცოდნით. მოგვიანებით ის მზვერავთა სპეციალურ რაზმში აიყვანეს.

"რუსეთი დიდი ხანია ბრალს დებს ამერიკასა და საქართველოს არმიის უპასუხისმგებლო დაფინანსებისთვის, რომელიც მათი თქმით, საპასუხოდ ისლამისტებს ეხმარება. ქართველები და ამერიკელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

თოფურიას თქმით, ბათირაშვილი ჩვეულებრივი, მეგობრული ჯარისკაცი იყო, ჩვეულებრივად განიხილავდა რელიგიას და თავისი მუსლიმი ოჯახისადმი მადლიერებას გამოხატავდა.

"მისი მამისა და მეთაურის თქმით, ბათირაშვილმა სწრაფად მიაღწია წინსვლას არმიაში და ახალ სადაზვერვო ნაწილში სერჟანტის თანამდებობა მიიღო, სადაც მისი თვიური ხელფასი 700 დოლარს შეადგენდა, რაც იმაზე მეტი იყო, ვიდრე მას ოდესმე უშოვია ცხოვრებაში" - აცხადებს გამოცემა.

ბათირაშვილის ყოფილი მეთაურის, თოფურიას თქმით, როდესაც ქართულმა ჯარებმა მიიღეს დავალება, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონისთვის შეეტიათა 2008 წელს, ბათირაშვილი ფრონტის ხაზზე იყო, რუსეთის ტანკებს თვალყურს ადევნებდა და მათ კოორდინატებს ქართულ საარტილერიო ნაწილებს გადაცემდა. ომი ხუთი დღე გაგრძელდა.

Wall Street Journal წერს, რომ აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ ბათირაშვილის ცხოვრება უარესობისკენ შეიცვალა. მას 2010 წელს ტუბერკულოზი დაუდგინეს და სამხედრო საავადმყოფოში რამდენიმე თვე გაატარა. სამინისტროს ცნობით, როდესაც გამოჯანმრთელდა, ის სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

თემურ ბათირაშვილის თქმით, სახლში დაბრუნებისას, ბათირაშვილი „ძალზედ იმედგაცრუებული" იყო. ის ადგილობრივი პოლიციაშიც კი არ აიყვანეს, დედა უკურნებელი სენით გარდაეცვალა.

2010 წელს ბათირაშვილი იარაღის უკანონოდ შენახვისთვის დაიჭირეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმნცა, სამინისტრომ უარი თქვა Wall Street Journal-სთვის სხვა დეტალების გამჟღავნებაზე.

ბათირაშვილის ბიძაშვილის, ჯაბრაილის თქმით, 16 თვის შემდეგ, 2012 წლის დასაწყისში ის ციხიდან გაათავისუფლეს და მან მაშინვე დატოვა საქართველო.

ახლახანს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჯიჰადურ ვებ გვერდზე ბათირაშვილი ამბობს რომ ციხემ ის შეცვალა.

"მე დავპირდი ღმერთს, რომ თუ ციხიდან თავს ცოცხალი დავაღწევდი, ჯიჰადისთვის ვიბრძოლებდი ღმერთის გამო" - აცხადებს ის ინტერვიუში.

Wall Street Journal-ის ცნობით, მიუხედაცად იმისა, რომ ბათირაშვილმა სტამბულში მიემგზავრებოდა, მამისთვის ნათელი იყო, რომ ის თავისი სამსახურის შეთავაზებას ისლამისტებისთვის აპირებდა.

"ჩვენს ძალიან ვიჩხუბეთ მისი გადაწვეტილების გამო, მაგრამ კაცს არც სამსახური ქონდა და არც პერსპექტივა. ამიტომ არასწორი გზა აირჩია", - განუცხადა თემურ ბათირაშვილმა ამერიკულ გამოცემას.

ბათირაშვილი 2013 წლის ზაფხულში გამოჩნდა ვებგვერდ www.fisyria.com-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში, სადაც ის იდენტიფიცირებულია როგორც ISIS-ის ახალი მეთაური. მის რუსულენოვან გამოსვლებში, ის საკუთარი ჯგუფის წარმატებებზე საუბრობს და ხშირ შემთხვევაში დონაციას ითხოვს.

საერთაშორისო კრიზის ჯგუფის ანგარიშების მიხედვით, ბათირაშვილის არმიამ ექსტრემისტული მმართველობა გაავრცელა იმ ტერიტორიაზე, რასაც ისინი აკონტროლებენ. ისინი მშვიდობიან დემონსტრატებს ცეცხლს უხსნიან და აქტივისტებს აკავებენ განსხვავებულიაზრის ქონისა და რამადანის პერიოდში სიგარეტის მოწევის გამო.

მამის თქმით, მას უკვე ორი წელია შვილისგან არაფერი გაუგია და სიახლეებს მისი უფროსი ძმისგან იღებს, რომელიც მასთან ერთად იბრძვის სირიაში.
თემურ ბათირაშვილს ეჭვი ეპარება, რომ წვერი მისმა შვილმა რელიგიური მრწამსის გამო მოუშვა.

"ის უბრალოდ იცვლის არმიებს, და ახლა სხვა ქუდი ახურავს" - განუცხადა მან Wall Street Journal-ს.

კომენტარები