საკადრო ცვლილებები პროკურატურაში

ხიდაშელი: საკადრო ცვლილებები პროკურატურაში ძალიან ბუნებრივი პროცესია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის შეფასებით, პროკურატურაში ცვლილებები ძალიან ბუნებრივი პროცესია. ამის შესახებ ხიდაშელმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

"როდესაც ახალი მთავარი პროკურორი მოდის, ისევე როგორც ნებისმიერ სამინისტროში, როდესაც ახალი მინისტრი ინიშნება, მინიმუმ, მოადგილეები მიდიან და აძლევენ მას შესაძლებლობას და არჩევანს, რომ თავად დააკომპლექტოს ის პირველი ეშელონი, პირველი შემადგენლობა, რომელთან ერთადაც უნდა იმუშაოს", - თქვა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მან არჩილ კბილაშვილს გადადგომის შესახებ განცხადებით 20 ნოემბერს მიმართა, განცხადება გადადგომის შესახებ 21 ნოემბერს დაკმაყოფილდა. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, დღეს გახდება ცნობილი იმ პირთა ვინაობა, ვინც ახალი პროკურორის დანიშვნის შემდეგ დატოვებს თანამდებობებს. არსებული ინფორმაციით, თანამდებობებს დატოვებენ მთავარი პროკურორის ყველა მოადგილე და დეპარტამენტების ხელმძღვანელები. უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ახალი პრემიერმინისტრი ცდილობს გააკონტროლოს ძალაუფლების ყველა წერტილი, მათ შორის - პროკურატურა. როგორც დეპუტატმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, მაღალი ალბათობით, პროკურატურის თანამშრომლებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კადრებით ჩაანაცვლებენ, რაც, მისი შეფასებით, არ არის კარგი.

გარდა ამისა, დღეს მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძე ოფიციალურად დაინიშნა.

კომენტარები