ექსპრემიერი ივანიშვილი

ექსპრემიერი მის ახალ როლზე: ძალიანაც შევეცდები ამ გავლენის გაზრდას

france24.com/

ექსპრემიერი ივანიშვილი თავის გამოსამშვიდებელ წერილში ამბობს, რომ მას ხელისუფლებაზე გავლენა ექნება, როგორც მოქალაქეს და საზოგადოების წევრს, ხოლო მოქალაქისა და საზოგადოების გავლენა ხელისუფლებაზე დემოკრატიის მანიშნებელია.

”ამიერიდან მე ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი, ჩემი საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და, რა თქმა უნდა, მექნება გარკვეული გავლენაც. ამასთანავე, მე ამ გავლენას არათუ სათაკილოდ ვთვლი, არამედ ძალიანაც შევეცდები მის გაზრდას. სხვანაირად როგორ შეიძლება იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი?

ხელისუფლებაზე საზოგადოების გავლენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც, პირველ რიგში, პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღის, ანუ დემოკრატიის მანიშნებელია, რადგან ეს გავლენა ხალხის, საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და მასთან უკუკავშირს გულისხმობს.

საბოლოოდ, საზოგადოება აქტიური მოქალაქეების, ინდივიდების კრებულია. ბუნებრივია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მოქალაქის გავლენა პოლიტიკაზე, შესაბამისად, მაღალი იქნება. და თუ ეს მოქალაქე ყოფილი პოლიტიკოსია, როგორც ამ შემთხვევაში მე, მაშინ ეს წესი აღარ მუშაობს?! თუ მხოლოდ საქართველოში არ უნდა მუშაობდეს და საფრთხის შემცველად განიხილებოდეს ის, რაც აბსოლუტურად ნორმალურად ითვლება დემოკრატიულ ქვეყნებში?!

ადამიანის უფლებები, ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა, ის, რომ ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ის, რომ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ჩვენს მეზობლებთან და, მათ შორის, რუსეთთანაც ურთიერთობა, ეს არის ჩემი ღირებულებები, და თუ ვინმე ამის წინააღმდეგია, ისინი ნამდვილად უნდა შფოთავდნენ, რადგან დიახაც რომ, მე მოვახდენ გავლენას ამ მიმართულებით”. - წერს ივანიშვილი წერილში.

კომენტარები