ICOMOS

ICOMOS კულტურული მემკვიდრეობის კანონის ცვლილებებზე შეშფოთებას გამოთქვამს

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო (ICOMOS) განცხადებას ავრცელებს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს "კულტურული მემკვიდრეობის კანონის" 17-ე მუხლის ცვლილებასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ ცვლილებებას. განცხადებას ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:


"ICOMOS საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ შეტანილ საკანონმდებლო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით.კანონპროექტი მიზნად ისახავს "კულტურული მემკვიდრეობის კანონის" მე-17 მუხლის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც "განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას" ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა შესაძლებელი გახდება სამინისტროსთან შეთანხმებით და საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. აქამდე არსებული რეგულირებით ძეგლის სტატუსის მოხსნა დაიშვებოდა მხოლოდ ძეგლის მიერ მისი ღირებულებები დაკარგვის შემთხვევაში.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო პრინციპებთან, საქართველოს კონსტიტუციასთან (მუხლი 34.2) და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მომავალს. შემოთავაზებული მექანიზმი უზრუნველყოფს მთავრობის მხრიდან გამარტივებული წესით ძეგლის სტატუსის მოხსნას, ყოველგვარი დაცვის გარეშე ტოვებს კულტურულ მემკვიდრეობას და მთავრობის აგრესიული ჩარევის საფრთხეს ქმნის.

შედეგად ეკონომიკური განვითარების სახელით კულტურული მემკვიდრეობის მორიგი ნგრევის მოწმენი გავხდებით. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნა კულტურის სამინისტროს მიმართ, ძეგლის სტატუსი მოეხსნა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ორი შენობისათვის, მათ ადგილზე "ახალი ფუნქციის მქონე ნაგებობების აშენების მიზნით". აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ინიცირების პროცესში არ ყოფილა ჩართული პროფესიული საზოგადოება და საპარლამენტო განხილვები მიმდინარეობს დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე.

აღმაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ცვლილების მიხედვით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იხსნის პასუხისმგებლობას, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ძნელად თუ აანალიზებს, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს მან. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არ არსებობს ამგვარი ნორმის ანალოგი და ძეგლის სტატუსის მოხსნა მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებისა და მრავალწლიანი განხილვის ფონზე ხდება.მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, გამოიჩინოს სიფრთხილე, არ დაუჭიროს მხარი მის წარმოდგენილ რედაქციას და უზრუნველყოს კანონპროექტის ფართო განხილვა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა".

კომენტარები