ირანის ბირთვული პროგრამა

ხამენეი: ირანი ბირთვულ პროგრამაზე უკან ოდნავადაც არ დაიხევს

ბირთვულ პროგრამაზე უკან არ დავიხევთ, - ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ირანისგან ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ ურანის გამდიდრების პროგრამის შეწყვეტას ითხოვენ. ირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების შედეგად, ირანის დღიური ნავთობის ექსპორტის შემოსავალი 60 პროცენტით შემცირდა, თუმცა თეირანი მოთხოვნის შესრულებას არ თანხმდება. თეირანი აცხადებს, რომ პროგრამის განხორციელება მისი უფლებაა და ის არ ემსახურება სამხედრო მიზნებს. ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ხამენეის თქმით, მან წითელი ხაზები დაუწესა ირანულ დელეგაციას და ისინი უკან არ დაიხევენ.

“ჩვენ არ ვერევით მოლაპარაკების დეტალებში, მაგრამ არსებობს გარკვეული წითელი ხაზები და შეზღუდვები. დელეგაციის წევრებს ევალებათ, რომ შეზღუდვებს დამორჩილდნენ. მათ არ უნდა ეშინოდეთ იმისა, თუ რას იტყვის მტერი”, - განაცხადა ირანის უზენაესი ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ.

პარალელურად განცხადებები კეთდება ვაშინგტონშიც. ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესმენებს მოუწოდებს, რომ ირანზე ახალი სანქციები არ შემოიღონ და  დიპლომატიას მისცენ დრო სამოქმედოდ. ობამა ასევე დასძენს, რომ არ იცის თუ როდის მოხერხდება ირანთან კონსენსუსის მიღწევა.

 

 

 

კომენტარები