სამთავრობო პროგრამა

საზოგადოებაში ტოლერანტობის დამკვიდრება ახალი მთავრობის პრიორიტეტებშია

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში პარლამენტში სამთავრობო პროგრამას წარადგენს. ახალი სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. როგორც პროგრამაში წერია, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება მათი წარმომადგენლების მონაწილეობით.  ახალი სამთავრობო პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესს - ყველა მსურველს მიეცემა სახელმწიფო ენის შესწავლის საშუალება. სახელმწიფო აგრეთვე უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლების ხელმისაწვდომობას. 

"სახელმწიფო ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების კულტურის, ენის, ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვას. ხელი შეეწყობა ქართულ მედიაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა პრობლემების, მიღწევების, კულტურისა და სხვა მნიშვნელოვანი თემების რეგულარულად გაშუქებას. ეროვნული უმცირესობების თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, განხორციელდება ისტორიული ძეგლებისა და მუზეუმების დაცვა და განვითარება. სახელმწიფო ხელს შეუწყობს საზოგადოების ცოდნის გაღრმავებას ეროვნული და რელიგიური უმცირესობების ღირებულებების, კულტურის, ისტორიის, რელიგიის შესახებ,  აგრეთვე საზოგადოებაში ტოლერანტობისა და კულტურული პლურალიზმის დამკვიდრებას და კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგისა და კავშირების განვითარებას. ხელი შეეწყობა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვასა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე მომუშავე ორგანიზაციებს. შემუშავდება სახელმწიფო პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანი იქნება, ერთი მხრივ, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა და თვითმყოფადობის შენარჩუნება და, მეორე მხრივ, მათი სრული ინტეგრაცია საქართველოს საზოგადოებაში", - წერია  ახალ სამთავრობო პროგრამაში. 

კომენტარები