იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის საბჭოს მოსამართლეები მოსამართლეთა არჩევაზე განმარტებას ავრცელებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლე წევრების განცხადებას ავრცელებს. წერილში საბჭოს მოსამართლე წევრები არამოსამართლე წევრებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ არაკორექტული განცხადებებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.
 

"2013 წლის 19 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში ჩატარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც 59 კანდიდატიდან მხოლოდ 12-მა მოაგროვა ხმების საკმარისი რაოდენობა.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა უარყოფითი შეფასება მისცა საბჭოს მიერ მხოლოდ 12 მოსამართლის არჩევას და აღნიშნა, რომ არსებული ვაკანსიების პირობებში, სულ მცირე, 20-25 ახალი მოსამართლის არჩევა მაინც უნდა მომხდარიყო. საბჭოს მოსამართლე წევრებმა ხმა მისცეს კანდიდატების დაახლოებით 2/3-ს, რაც სრულიად საკმარისი იყო სასამართლო სისტემაში არსებული ვაკანსიების შესავსებად", - ნათქვამია განცხადებაში.

მოსამართლეთა თქმით, სხდომის დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა კახა სოფრომაძემ განაცხადა, რომ ის კანდიდატები, რომლებმაც ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვეს, სარგებლობდნენ ცუდი რეპუტაციით იურიდიულ წრეებში და რომ სასამართლო ხელისუფლებამ თავად შექმნა კრიზისი, როცა 2012 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 80 მოსამართლე იქნა დათხოვნილი თანამდებობიდან.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ბატონი კახა სოფრომაძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ შემდეგს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრები თავისუფლები არიან საკუთარი აზრის გამოხატვაში, მაგრამ თითოეულ მათგანს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აკისრია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობის განმტკიცებაში. სწორედ ამიტომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის მხრიდან მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით არაკორექტული განცხადების გაკეთება და საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, არის ზიანის მომტანი როგორც ინდივიდუალურად ამ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის, ასევე აზარალებს მთლიანად სასამართლო ხელისუფლებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასევე, ბატონი კახა სოფრომაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია 80 მოსამართლის დათხოვნის შესახებ არაზუსტია.

კერძოდ, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დათხოვნილ იქნა არა 80 მოსამართლე, როგორც ბატონი კახა სოფრომაძე აცხადებს, არამედ, 85 ვაკანტური საშტატო ერთეული (რომელიც არასდროს ყოფილა შევსებული) შემცირდა 44-ით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ შემცირდა არა მოსამართლეთა რაოდენობა, არამედ, საშტატო ერთეულები, რომლებზეც რეალურად მოსამართლეები არც არასდროს ყოფილან დანიშნულები.

დღეის მდგომარეობით, სასამართლო სისტემაში არსებობს მოსამართლის 41 ვაკანტური საშტატო ერთეული, რომელიც დღევანდელი კენჭისყრის შედეგად შეივსო მხოლოდ 12-ით. მაშინ როდესაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა დღეს ხმა მისცეს კანდიდატების დაახლოებით 2/3-ს, რაც საკმარისი გახლდათ არსებული ვაკანსიების შესავსებად.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ვიმედოვნებთ, რომ მომავალში საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან აღარ მოხდება არაკორექტული განცხადებების გაკეთება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა", - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებაში.

 გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა. მოსამართლეობის მსურველი 59 კანდიდატიდან, ფარული კენჭისყრის შედეგად, 12 მოსამართლე შეირჩა. ესენია: გერმანე დადეშქელიანი, გიორგი მიროტაძე, ლევან მიქაბერიძე,ციცინო კიკვაძე, მურთაზ მეშველიანი, ნატალია ნაზღაიძე, გოჩა ფუტკარაძე, მერაბ ღვინიაშვილი, ნინო შარაძე, ნანა ჭიჭილეიშვილი, ხათუნა ხომერიკი.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ამოქმედების შედეგად მოსამართლეები სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ. ახლადდანიშნული მოსამართლეები უფლებამოსილებას ფიცის დადების შემდეგ განახორცილებენ.

კომენტარები