ეკონომიკის ზრდის ტემპი

კვირიკაშვილი: ძალისხმევა უფრო მეტი ინვესტიციების შემოსვლაზე იქნება გადატანილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თქვა, რომ ეკონომიკის ტემპის ზრდისთვის მთავარი ძალისხმევა გადატანილი უფრო მეტი ინვესტიციების შემოსვლაზე იქნება.

კვირიკაშვილის თქმით, წლევანდელი, 10 თვის მონაცემებით, საქსტატის იანვარ-ოქტომბრის, მაგრამ ჯერჯერობით დაუდასტურებელი მონაცემებით, 1%-იანი ზრდაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოზიდვაში.

"საამაყო ეს 1%-იანი ზრდა ნამდვილად არ არის, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ იმ პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რაც ჩვენ გვქონდა ქვეყანაში, სამწუხაროდ, ესეც მე მგონი ნორმალური შედეგია და მომავალი წლისთვის ძალიან სერიოზული ინტერესი შეინიშნება", - თქვა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის ინფორმაციით, დღესდღეობით ეკონომიკის სამინისტროს სამუშაო რეჟიმში უძრავ ქონებაზე 18 პროექტია, სოფლის მეურნეობაზე 7 პროექტი, ვაჭრობაზე - 2, ლოგისტიკასა და საერთაშორისო გადაზიდვებში - 2 პროექტი, მსუბუქ მრეწველობაში - 2, მძიმე მრეწველობაში - 2, ფარმაცევტიკაში - 1 პროექტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებში - 2 პროექტი, სათამაშო ინდუსტრიაში - 2 პროექტი, ენერგეტიკაში - 4 პროექტი, აქედან ერთი დაწყებულია. "ეს არის ის პროექტები, რაზეც სამინისტროში ვმუშაობთ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები