მინისტრობის კანდიდატები კომიტეტებში

ალექსანდრე ჭიკაიძის პასუხებით უმცირესობა უკმაყოფილო დარჩა

ალექსანდრე ჭიკაიძე
შსს

"იმ ფონზე, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულება 17 000-მდე პატიმარმა დატოვა, თავიდან იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ მერე ყველაფერი გამოსწორდა და უკეთესობისკენ შეიცვალა. ეს აისახება ჩვენს სტატისტიკაში და ხალხის დღევანდელ განწყობაზე, რასაც ქუჩაში გრძნობს. ეს თავადაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ", - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატების კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ე.წ. რეიდები იყო პრევენციული ღონისძიებები, რა დროსაც პოლიციამ დააკავა დანაშაულში მხილებული რამდენიმე პირი.

"რეიდები შედეგიანი იყო. საგანგაშო არაფერია და უბედურება არ მომხდარა", - აღნიშნა ჭიკაიძემ.

მისივე თქმით, შსს მზად იქნება ნებისმიერ მოქალაქესთან ითანამშრომლოს და გაცვალოს ინფორმაცია. მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ყველაფერი იქნება ღია და ხილული საზოგადოებისთვის.

საპარლამენტო უმცირესობა უკმაყოფილო დარჩა ჭიკაიძის პასუხით, რადგან მას კითხვათა უმეტესობისთვის არ უპასუხია. ჩიორა თაქთაქიშვილმა აღნიშნული "ოროსნობად" შეაფასა.

"ოროსნობა ჰქვია ამას, როცა არ პასუხობენ დასმულ კითხვებს", - თქვა დეპუტატმა. 

რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, შს მინისტრობის კანდიდატს ჰკითხეს 26 მაისის საქმეზე - ამართლებს თუ არა სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, როდესაც შესთავაზა ოპოზიციას ალტერნატიულ ადგილას ჩაეტარებინათ აქცია, ასევე, ჰკითხეს, მიუღია თუ არა უკანონო ბრძანება, შეუსრულებია თუ არა და თავად, გაუცია თუ არა. ჭიკაიძეს კითხვა დაუსვეს დამძიმებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე, თავდაცვის სისტემაში ჯარისკაცების მოწამვლაზე, პოლიტპატიმრების სიაზე - აპირებს თუ არა გამოძიებას, რამდენად სწორად იყო შედგენილი სია, რამდენად გამართლებული იყო რუსეთის აგენტობის ბრალდებით მსჯავრდებულების გამოშვება, გააგრძელებს თუ არა ვანო მერაბიშვილის რეფორმებს, რადგან ჭიკაიძემ სწორედ მისი მინისტრობის დროს დაიწყო პოლიციის სისტემაში საქმიანობა, ასევე, უნდა იფარებოდეს თუ არა დანაშაულის სტატისტიკა. 

კომენტარები