საქართველო-ისრაელის ურთიერთობა

ღარიბაშვილი: უვიზო რეჟიმი ისრაელის სახელმწიფოს საქართველოსთან დააახლოებს

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  უვიზო რეჟიმი ისრაელის სახელმწიფოს საქართველოსთან დააახლოებს. მომავალი პრემიერის თქმით, დღეს ხელი მოეწერა ისტორიულ დოკუმენტს საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

“დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მართლაც ისტორიულ დოკუმენტს. ხელი მოეწერა შეთანხმებას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის. კიდევ ერთხელ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს შეთანხმება და ზოგადად უვიზო რეჟიმი დააახლოებს ისრაელის სახელმწიფოს საქართველოსთან, მოხდება ჩვენი ხალხის დაახლოება და კიდევ უფრო გაუმჯობესდება არსებული ურთიერთობები როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ, კულტურულ სფეროებში. ბევრად უფრო გაუმჯობესებული გარემო იქნება საქართველოში ინვესტიციების კუთხითაც. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ებრაელი ინვესტორი გეგმავს საქართველოში შემოსვლას. შესაბამისად, ეს ყველაფერი გაამარტივებს ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს და უფრო ეფექტურს გახდის მას”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა და საქართველოს მთავრობის სახელით ქართველ ხალხს მნიშნელოვან დოკუმენტზე ხელმოწერა მიულოცა. 

ცნობისთვის, დღეს შს სამინისტროში საქართველოსა და ისრაელს შორის ეროვნული პასპორტების მფლობელთათვის ვიზისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა, ხოლო ისრაელის მხრიდან – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ფაინა ქირშენბაუმმა. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისათვის ისრაელის სახელმწიფოში 6 თვის განმავლობაში 90 დღით უვიზოდ ყოფნას ითვალისწინებს.

კომენტარები