გიორგი მარგველაშვილი

The Independent: ქვეყნის რეალური მმართველი ალბათ ექსცენტრიკული ივანიშვილი იქნება

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

ბრიტანული გამოცემა The Independent საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასა და ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილებაზე სტატიას აქვეყნებს, სადაც აქცენტს პოლიტიკიდან მიმავალი ივანიშვილის გავლენაზე აკეთებს.

The Independent წერს, რომ 17 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილი შეუდგა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის შესრულებას, რომელმაც წინამორბედ სააკაშვილისგან პრეზიდენტის მნიშვნელოვნად შეკვეცილი ძალაუფლება მიღო. თავად სააკაშვილმა კი თავისი წინამორბედისგან მემკვიდრეობად არშემდგარი და კორუმპირებული ქვეყანა მიიღო, რომელიც შემდგარ სახელმწიფოდ აქცია. თავისი ავტორიტარული მართვის სტილით სააკაშვილმა საქართველო მზარდ ეკონომიკად ეკონომიკად აქცია, მთავრობა და ქუჩები კი გაცილებით უსაფრთხოა.

The Independent ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გიორგი მარგველაშვილს შეკვეცილი ძალაუფლების ფონზე წამყვანი როლი ექნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში, ასევე, ის იქნება არმიის მთავარსარდალი.

"მაგრამ ქვეყნის რეალური მმართველი ალბათ ექსცენტრიკული და ხშირად ფიცხი ბიძინა ივანიშვილი იქნება, რომელიც მმართველი კოალიცია ქართული ოცნების დამფუძნებელი და მოქმედი პრემიერმინისტრია", - წერს The Independent და აღნიშნავს, რომ სწორედ პრემიერმინისტრს გადაეცა პრეზიდენტის შეკვეცილი ძალაუფლება პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ.

"პრეზიდენტი მარგველაშვილი ენთუზიაზმით საუბრობს თავისი მეგობრის [ივანიშვილის] როლზე მის წარმატებაში. "მისი როლი ჩემს უდიდეს წარმატებაში შეუფასებელია", - ამბობს მარგველაშვილი. მათი ურთიერთობის სიღრმე ცხადი უფრო ადრე გახდა, როცა მის ფოტოგრაფსა და პრესსამსახურის თანამშრომლებს ერთი საათი დასჭირდათ ისეთი ფოტოს მოსაძებნად, სადაც მარგველაშვილი აღბეჭდილი არ იქნებოდა 57 წლის მილიარდერთან ერთად", - წერს The Independent.

ბრიტანული გამოცემის განცხადებით, ცუდი ნამდვილად არ არის პრეზიდენტის ახლო ურთიერთობა პარლამენტის თავმჯდომარესთან, თუმცა, სიტუაცია გაცილებით რთულად იქნება, როცა პრემიერმინისტრი ივანიშვილი თვის ბოლოს თეორიულად წავა პოლიტიკიდან.

The Independent-ის თქმით, ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ივანიშვილის ერთადერთი მიზანი იყო ხელისუფლებისთვის სააკაშვილისა და მისი გუნდის ჩამოცილება მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ქვეყანა 2008 წელს თვითმკვლელ ომამდე მიიყვანა, ხელმძღვანელობდა ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებას, მის მიმართ ასევე ისმოდა ბრალდებები ციხეებში წამებისა და გაუპატიურების სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით.

"თუმცა კითხვად რჩება ის, თუ საბოლოოდ ვინ იქნება ძალაუფლების წყარო თბილისში? თანამდებობიდან მიმავალმა პრემიერმინისტრმა თავის მემკვიდრედ 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა და ჟურნალისტებს ირონიის გარეშე განუცხადა: "აი, ასე შევარჩიეთ კანდიდატი დემოკრატიულ ქვეყნაში. გუნდის არცერთ წევრს ოვაციის გარდა არაფერი გამოუხატავს და ყველა იყო ბედნიერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვარ აბსოლუტურად ბედნიერი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე".

ივანიშვილის რჩეული აქამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, უფრო ადრე კი ის ივანიშვილთან მუშაობდა.

ორ ყველაზე მნიშვნელოვან პოსტზე ორი გამოუცდელი პოლიტიკოსის დასახელებამ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბიძინა ივანიშვილთან ახლო ურთიერთობა აქვთ, ქართველ პოლიტიკურ კომენტატორებსა და ინვესტორებს შორის შიში გამოიწვია. მათ ეშინიათ, რომ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის არმქონე მილიარდერი ბიზნესმენი მალე ქვეყნის მართვას თავისი მდიდრული რეზიდენციიდან დაიწყებს, რომელიც საკუთარ ზოოპარკს გადაჰყურებს", - წერს The Independent.

ბრიტანული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი ცოტას აკეთებს ინვესტორთა დასამშვიდებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეკონომიკური ზრდა 7.5%-დან 1.3%-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა.

კომენტარები