ახალი მთავრობა

დავით უსუფაშვილი: ოთხშაბათიდან, საქართველოს ახალი მთავრობა ეყოლება

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო კომიტეტები 19 ნოემბერს მოუსმენენ, მთავრობის ახალ შემადგენლობას კი, კენჭი 20 ნოემბერს ეყრება.

“პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ფიცის დასრულების წამიდან, ძალაში შევიდა საქართველოს კონსტიტუციის ის ახალი მოდელი, რომელიც 2010 წლიდან იქნა მიღებული და ამ წუთიდან პარლამენტიც ახალ რეალობაშია, პრემიერმინისტრიც და პრეზიდენტიც, თავისი პასუხისმგებლობით და კომპეტენციით. რაც შეეხება პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობის და მისი პროგრამის განხილვის გრაფიკს: სამშაბათს, დღის პირველ ნახევარში საკომიტეტო მოსმენები გაიმართება და ყველა კომიტეტი იმ მინისტრს შეხვდება, რომელთანაც კომპეტენციებით იკვეთება - ზოგიერთ მინისტრს ორ-სამ კომიტეტში მოუწევს მისვლა. სამშაბათსვე, დღის მეორე ნახევარში შედგება უმცირესობასა და უმრავლესობასთან შეხვედრები, უკვე ოთხშაბათს კი კენჭი ეყრება მთავრობის ახალ შემადგენლობას და პროგრამას”, - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ კენჭისყრამდე დეპუტატებს მთავრობის ახალ შემადგენლობას და პროგრამას თავად პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგენს.

“დარწმუნებული ვარ, პარლამენტში იქნება საინტერესო გამოსვლები და დებატები. ამის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა და ოთხშაბათიდან საქართველოს ახალი მთავრობა ეყოლება”, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები