მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი: იმედია, ახალი ხელისუფლება ავტორიტეტებს არ შეებრძოლება

მეუფე იაკობი
ipn.ge

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის იაკობ იაკობიშვილის თქმით, როდესაც წინა ხელისუფლება ფიქრობს, რომ შეიძლება მობრუნდნენ, დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ ქართველმა ხალხმა სხვა გზა აირჩია. ამის შესახებ ბოდბის ეპისკოპოსმა გუშინ, პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ, სამების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. მისი შეფასებით, "ქვეყნის დამანგრევლების" დასაყრდენი მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში დარჩა.

"შეხედეთ, რა ხდებოდა, დამთავრდა თუ არა წინა არჩევნები, რამდენი გაიქცა ქვეყნიდან? ღვთის იმედი გვაქვს, რომ ღმერთი ამ კოშმარს სიხარულით შეგვიცვლის. ამის თქმის უფლებას მაძლევს ყოველი ქართველის და საქართველოში მცხოვრები ყოველი გონიერი ადამიანის განწყობა. ვინც საქართველოს ანგრევდა, მათი დასაყრდენი მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში დარჩა. თუ გადახედავთ მედიას, ნახავთ, ვინები არიან და რა დამსახურება აქვთ ქვეყნის წინაშე, ვერა და ვერ გამოიყვანეს საზოგადოების სახეებად. იმედია, ხელისუფლება იღვაწებს იმისთვის, რომ ავტორიტეტებს არ შეებრძოლებიან, პირიქით, ავტორიტეტებს დააწინაურებენ. ქართველი ერი ყოველთვის მიყვებოდა ავტორიტეტებს და მრავალი ისეთი ადამიანი გამოვა ასპარეზზე, რომ ეკლესიას აღარ მოგვიწევს ჩარევა იმაში, რაშიც იძულებულები ვიყავით, რომ ჩავრეულიყავით. ჩვენი ერის დაცინვას და აბუჩად აგდებას არავის მოვუწონებთ და თავდახრილები ვერ დავდგებით მათ წინაშე. ჩვენი ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენში ვებრძოლოთ ჩვენს ცოდვებს და სამშობლოს ვინც შეეხება, იმასთან აუცილებლად მძიმე ურთიერთობა გვექნება თავისთავად. დავფიქრდეთ, დავინახოთ თითოეული ჩვენგანი რას აკეთებდა, რომ იგივე არ განმეორდეს, განვვითარდეთ და მსოფლიო თანამეგობრობაში ჩავეწეროთ ისე, როგორც ეკუთვნის ჩვენს ერს", - ამბობს პატრიარქის ქორეპისკოპოსი და აღნიშნავს, რომ ამას შურისძიებისთვის არ ამბობს.

"შურისმაძიებელი ერთი ღმერთია. ჩვენ, ქრისტიანები შემწყნარებლები ვართ და კარგად ვხედავთ, რომ იძულებით, მაგრამ ვცხოვრობდით ერთმანეთის გვერდით. მაგრამ თავს აღარ მოგვახვიონ თავიანთი ცხოვრების წესი. თვითონ თუ უნდათ, თავიანთ თავს თავად განკარგავენ და ნუ გვასწავლიან ისეთ რამეს, რაც მიუღებელია განვითარებული კაცობიობისთვის.  ის ხომ არ არის, საზღვარგარეთიდან რომ ეტყვიან, დემოკრატია იყო თქვენთან, კარგად ცხოვრობდითო. ნახონ ის დახოცილი, გაუპატიურებული, ნაწამები, ქონებაწართმეული ხალხი და თავიანთ სახელმწიფოში თუ მოუწონებენ თავიანთ ხელისუფლებას, რომ მიწები დაკარგონ, ბიზნესი წაართვან, ხალხი დაუხოცონ. ახალ პრეზიდენტს ვუსურვებ, რომ ჭეშმარიტად ქართველი ერის პრეზიდენტი ყოფილიყოს. მთავრობას ვუსურვებ, რომ ხალხის სამსახურში ყოფილიყოს. ქართველ ერს ვუსურვებ, რომ ძლიერი საქართველოს შექმნისთვის თითოეულ ჩვენგანს დიდი მონაწილეობა მიეღოს. ჩვენ ქართველი ადამიანისთვის ღირსების აყრის მცდელობას არავის არ ვაპატიებთ და ესეც იცოდეთ. იმედია, სასამართლოც მონური მორჩილებდიან გამოვა და ჭეშარიტად გახდება ისეთი სასამართლო, როგორიც არის საჭირო, თორემ მის უსამართლობასაც არ მოითმენს ქართველი ერი", - თქვა მეუფე იაკობმა გუშინდელი ქადაგებისას.

კომენტარები