ინაუგურაციაზე არდასწრების მიზეზები

ბოკერია: ღიად დეკლარირებული პოლიტიკური რეპრესიები მიდის

Giga Bokeria
Tabula

ინაუგურაცია არის ტრადიციის ნაწილი და ინსტიტუტის ნაწილი, ამიტომ სასურველია, იმ ახალი პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს, რომ პოლიტიკური ოპონენტები, თუნდაც ძალიან მწვავე განსხვავებული შეხედულებებით, ინაუგურაციას ესწრებიან. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა და იქვე განმარტა, თუ რატომ მიიღო ოპოზიციამ გადაწყვეტილება, რომ არ დაესწროს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას. მისი თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, თუმცა მათ შორის პოლიტიკური კლიმატი და რეპრესიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გიგა ბოკერიას თქმით, პოლიტიკურ გუნდში, რომელსაც ის ეკუთვნის, კონსტრუქციული ნაბიჯების მიმართ განწყობა ძალიან მყარი და დადებითია. "ამის დემონსტრირება მოხდა თუნდაც პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არჩევნებში გამარჯვების მილოცვით და გამარჯვების ძალიან სწრაფი აღიარებით ბატონი დავით ბაქრაძის, ჩვენი კანდიდატის მხრიდან და იქვე თანამშრომლობის ხელის გაწვდენით", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისი თქმით, ნორმალურ დემოკრატიებში ტრადიცია ასეთია: პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთი პოლიტიკურად შეიძლება ძალიან არ უყვართ, ერთმანეთს აკრიტიკებენ, ესხმიან თავს, შეიძლება ლანძღავენ კიდეც, მაგრამ პოლიტიკური კულტურის ნაწილია, რომ არჩევნები რომ მორჩება, დამარცხებული აღიარებს შედეგებს, მიულოცავს გამარჯვებულს. თვითონ გამარჯვებულიც მაღლა დგას ამ ბრძოლაზე და ყველას ხელს უწვდის და ამბობს, რომ ის იქნება ყველას პრეზიდენტი და ოპონენტებთან ითანამშრომლებს. მერე, სანამ ახალი წინასაარჩევნო ბატალიები დაიწყება, ეს კონსენსუსი ცოტა ხანს ნარჩუნდება და ეს არის ამ ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილი.

გიგა ბოკერიას აზრით, საქართველოში ამ მხრივ პარადოქსული ვითარებაა: "ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებზე, როცა რეალურად გადაწყდა ძალაუფლების ბედი, ძალიან ისტორიულ არჩევნებზე, დამარცხებულმა ეს მარცხი აღიარა ძალიან სწრაფად, გამარჯვებულის რეაქცია კი იყო, რომ ხვალვე გადადგეს პრეზიდენტი. პოლიტიკური ღვარძლი".

ბოკერიას თქმით, დავით ბაქრაძის ნაბიჯის საპასუხოდ, ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ არ ითანამშრომლებს ამ ძალასთან არცერთ საშინაო საკითხში და პრემიერმინისტრის განცხადებები, რომ ის 22%, რომელმაც მხარი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭირა, უმწიფარია. "ეს არის შეურაცხყოფა ამომრჩევლის, ქვეყნის, ყველასი", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს შეცდომაში შეჰყავთ ან ცდილობენ შეიყვანონ საზოგადოება, რომ თითქოს პრეზიდენტ სააკაშვილს არ უნდოდა არჩევნების შედეგების აღიარება და მას ამის გაკეთება მოუწია. "როცა გამოცხადდა პროპორციული არჩევნების შედეგები, პრეზიდენტმა თქვა, რომ სერიოზული გზავნილია ამომრჩევლისგან პროპორციული არჩევნების წაგება და იმედი იქონია - თქვა, რომ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს მოვიგებთო. ყველა პოლიტიკური ლიდერი ასე ამბობს, სანამ გაირკვევა შედეგი და იქვე მინიშნება გააკეთა, ძალიან მკაფიო, რომ ისეთივე მთავრობა ვერ იქნება, იმიტომ რომ პროპორციულ არჩევნებში სხვა ძალამ მიაღწია წარმატებას. ეს მოხდა წუთებში ეგზიტპოლის შემდეგ და ღამის განმავლობაში, როცა გაირკვა, რომ ჩვენ დავმარცხდით, დილითვე, პირველივე განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა, რომ ვაღიარებთ შედეგებს. ამაზე სწრაფი რეაგირება არ არსებობს", - აღნიშნა ბოკერიამ.

მან ის თვითმმართველობის არჩევნებიც გაიხსენა, როცა არჩევნებში დამარცხებულმა ირაკლი ალასანიამ გამარჯვებულ გიგი უგულავას მიულოცა. "უგულავას და ალასანიას საჯარო შეხვედრა, ეს გაკეთდა ჩვენი მხრიდან შეგნებულად, რომ მომხდარიყო ამ ფუნდამენტზე დაშენება პოლიტიკური კულტურის. ეხლა ვიღებთ შედეგს, რომ გამარჯვებულები არიან გამწარებულები და ნერვიულობენ, რატომ მიიღო ოპონენტმა 22%. ეს არის კატასტროფა", - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულის ოცნების კანდიდატმა ხმების 60% მიიღო და დამაჯერებლად გაიმარჯვა, პოლიტიკური კლიმატი მაინც არ იცვლება: ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დაჭერილია მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი, სხვა ლიდერებიც, მინისტრი ახალაიაც და ასამდე ადამიანს ბრალი აქვს წაყენებული, მათ შორის, თბილისის მერს. "ღიად დეკლარირებული პოლიტიკური რეპრესიები მიდის და არის დაპირება ამ რეპრესიების გაგრძელების", - აღნიშნა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო არჩევნები, როცა პირველად მოხდა ხელისულების მშვიდობიანი გადაცემა. "ჩვენი ოპონენტების ეს დამოკიდებულება, დღეს გამარჯვებულების, დღეს ხელისუფლებაში მყოფების, პაკეტში პოლიტიკურ რეპრესიებთან, ქმნის იმ კლიმატს, რომელშიც ოპოზიციამ შეუძლებლად ჩათვალა ინაუგურაციაზე მისვლა, რაც კარგი არ არის - პირდაპირ მინდა, რომ ვთქვა", - აღნიშნა ბოკერიამ.

კომენტარები