ტიმოშენკოს საქმე

ევროკავშირმა უკრაინას ვადა ვილნიუსის სამიტამდე მისცა

იულია ტიმოშენკო სასამართლო პროცესზე
Reuters

ევროკავშირმა უკრაინას ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს გასათავისუფლებლად ვადა ვილნიუსის სამიტამდე მისცა. 13 ნოემბერს გვიან საღამოს ბრიუსელში, ევროპარლამენტის პრეზიდენტების კონფერენციამ სპეციალური მისიის ანგარიში განიხილა, რომელიც პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვასნევსკიმ და ევროპარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტ კოქსმა წარადგინეს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის მისიამ ტიმოშენკოს საკითხის გადასაწყვეტად უკრაინის პრეზიდენტს მისი ნაწილობრივ შეწყალება შესთავაზა, თუმცა, პრეზიდენტმა სპეციალური კანონის მიღების გზა არჩია, მისი პარტიის წარმომადგენლებმა კი ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ყველა პროექტი დაბლოკეს.

კონფერენციამ კოქსისა და კვასნევსკის მისიას მანდატი გაუგრძელა და, შესაბამისად, კიევსაც გადაწყვეტილების მისაღებად დრო უშუალოდ ვილნიუსის სამიტამდე - 28 ნოემბრამდე მისცა. როგორც ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდრ კვასნევსკიმ განაცხადა, მას იმედი აქვს, რიმ პოლიტიკური ძალები უკრაინაში კეთილ ნებას გამოიჩენენ და კომპრომისი მიღწეული იქნება. მისი შეფასებთ, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შანსი "50-50-ზეა". თავის მხრივ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა აღნიშნა, რომ ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილების მოძებნა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

თავის მხრივ, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ იანუკოვიჩს "ჯერ კიდევ შეუძლია გადაარჩინოს შეთანხმება ევროკავშირთან, თუ საკუთარ ლიდერის თვისებვებს და პასუხისმგებლობას მიმართავს". მისი თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტის გარეშე ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას უკრაინასთან ხელი არ მოეწერება.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გიდო ვესტერველემ წუხილი გამოთქვა "უკრაინის პარლამენტის მიერ გაშვებული შანსის" გამო და კიევს შეახსენა, რომ დრო სულ უფრო ნაკლები რჩება.
13 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ ვერ მიიღო კანონი, რომელიც პატიმრობაში მყოფ უკრაინის ყოფილ პრემიერს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების საშუალებას მისცემდა. მომზადებული კანონპროექტის არარსებობის მიზეზით საკითხის განხილვა 19 ნოემბრისთვის გადაიდო. უკრაინული ოპოზიცია ამას ხელისუფლების მხრიდან ევროინტეგრაციის შეგნებულ საბოტაჟად აფასებს.

სხდომის შემდეგ ფრაქციებმა - ბატკივშჩინამ, სვობოდამ და უდარმა, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმად, ბოლო მოვლენები მოწმობს, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი შეგნებულად ცდილობს ჩაშალოს ევროპკავრშირთან ასოციაციის შესახებ შეთანხმების გაფორმება "და უკრაინის ხალხს ართმევს შანსს, მრავალსაუკუნოვანი ოცნება აისრულოს - გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული ევროპული თანამეგობრობის წევრი". შეთანხმების ჩაშლა კი ნიშნავს სახელმწიფოს შემობრუნებას "ველური ნეოსაბჭოთა იმპერიისკენ, სახელწოდებით საბაჟო კავშირი". ოპოზიცია ხალხს 24 ნოემბერს საპროტესტი აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ოპოზიციის აღშფოთება ხელისუფლების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ქმედებებმა გამოიწვია, რაშიც ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შეცვლის და კრემლისკენ შემობრუნების ნიშნებს ხედავენ.

9 ნოებერს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მოულოდნელად მოსკოვში გაემგზავრა და რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს შეხვდა. უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრაზე "ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს, ვიულნიუსის სამიტის კონტექსტში".

12 ნოემბერს ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრაზე რეგიონების პარტიისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს სთხოვეს, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა ერთი წლით გადაიდოს, რათა მეწარმეებმა რუსეთთან საბაჟო რეჟიმის შეცვლისთვის და შესაძლო შეზღუდვებისთვის მზადება მოასწრონ.
იმავე დღეს, უკრაინის პრემიერმა ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა, რომ, ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, ქვეყნის "ნომერი პირველი ამოცანა" რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაა, რასაც ბიზნესმენები მოითხოვენ.

12 ნოემბერს იულია ტიმოშენკოს ადვოკატ სერგეი ვლასენკოს ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალი წაუყენეს. მას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდა. იულია ტიმოშენკომ კი განაცხადა, რომ ეს ბრალდება ევროკავშირთან ინტეგრაციის ჩაშლისკენ მიმართული პროვოკაციაა.

შერჩევითი მართლმსაჯულების შედეგების გამოსწორების, ანუ ტიმოშენკოს გათავისუფლების გარდა, ევროკავშირი შეთანხმების ხელმოსაწერად უკრაინას კიდევ ორ მოთხოვნას - პროკურატურისა და არჩევნების შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანას, უყენებს. ეს მოთხოვნები უმაღლესმა რადამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა - ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია.

კომენტარები