ე.წ. ციხის ბუნტის საქმე

პროკურატურა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს

facebook.com/OfficialPOG

საქართველოს მთავარი პროკურატურა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება უწყებამ დღეს გაავრცელა.

”2013 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა განხილვა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე და ბრალდებულები: ბაჩანა ახალაია, რევაზ ჭარბაძე, დავით ჭაკუა და მეგის ქარდავა დამნაშავეებად ცნო დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ჩადენაში (სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები), ხოლო ამავე ეპიზოდში, დანაშაულთა ერთობლიობით წარდგენილი ბრალდება, მათ მიერვე სამსახურებრივი უფლებამოსილების დამამძიმებელ გარემოებებში გადამეტებისათვის (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები) მოუხსნა ოთხივე ბრალდებულს.ამავე განაჩენით, სასამართლომ, ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა გაამართლა მეორე დამოუკიდებელ ეპიზოდში, რომელიც ეხებოდა ერთ-ერთი მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონოდ გაყვანას და ასევე იყო დაკვალიფიცირებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი)”, - წერია განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებაში ასევე წერია, რომ ”ბრალდების მხარე მიიჩნევს, ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას გამართლება მეორე ეპიზოდში უკანონო და დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქმეზე შეკრებილ ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს, რის გამოც პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენს გაასაჩივრებს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში და მოითხოვს ბაჩანა ახალაიასა და მეგის ქარდავას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითაც”.

კომენტარები