საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება

განათლების სამინისტრომ საზღვარგარეთ სწავლისთვის 3 წელიწადში 9.6 მილიონი გამოყო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა(IDFI) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიიღო ინფორმაცია უწყების მიერ 2011-2014 სასწავლო წლებში საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურით დაფინანსებული მოქალაქეების შესახებ. მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2011-2014 სასწავლო წლებში სამინისტროს მიერ სულ გამოყოფილია 9 571 207 ეკვივალენტი ლარის (1 515 693 აშშ დოლარი, 805 223 ლარი, 626 519 სტერლინგი, 93 465 შვეიცარიული ფრანკი, 910 000 რუსული რუბლი, 38 322 კანადური დოლარი, 6601 ლარი) დაფინანსება.

ანალოგიური შინაარსის მოთხოვნით ინსტიტუტმა მიმართა აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საზღვარგარეთ სასწავლებლად დაფინანსებულ მოქალაქეებს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.

IDFI-ის ცნობით, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სასწავლო წლების მიხედვით გამოყოფილი თანხები თითქმის ტოლია, დაფინანსებულ პირთა რაოდენობა სასწავლო წლების მიხედვით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. 2011-2012 სასწავლო წლებში საზღვარგარეთ სწავლისთვის დაფინანსებულია 199 პირი , 2012 -2013 სასწავლო წლებში 103 პირი, ხოლო 2013-2014 სასწავლო წლებში - 80 პირი. 2011-2012 წლებში დაფინანსებულთა სიმრავლე ძირითადად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 69 პირი შედარებით მცირე დაფინანსებით (თითოეულს 1332 ევრო) გაემგზავრა მალტაში ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე. ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ ერთჯერადად დაფინანსდა 254, ორ სასწავლო წელში - 46. სამივე სასწავლო წელში კი დაფინანსდა12 პირი.

2011-2014 სასწავლო წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოქალაქეებს სწავლა დაუფინანსა საზღვარგარეთის 19 ქვეყნის სასწავლებლებში. როგორც დაფინანსებულ პირთა, ასევე გამოყოფილი თანხის სიდიდით გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები. 2011-2014 სასწავლო წლებში აშშ-ში დაფინანსებულია 107 პირი 3 999 246 ეკვივალენტი ლარით (2 392 609 აშშ დოლარი). რიგით მეორეს, ორივე კომპონენტის (გამოყოფილი თანხა, დაფინანსებულთა რაოდენობა) მიხედვით წარმოადგენს დიდი ბრიტანეთი, სადაც დაფინანსებულია 95 პირი 2 484 879 ეკვივალენტი ლარით (931 399 სტერლინგი). რაც შეეხება რიგით მესამეს, გამოყოფილი თანხის სიდიდით, წარმოადგენს ნიდერლანდების სამეფო (780 202 ეკვივალენტი ლარი), თუმცა აღნიშნული თანხით დაფინანსებულია მხოლოდ 17 პირი.

IDFI-ის ინფორმაციით, 2011-2012 სასწავლო წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოქალაქეებს სწავლა დაუფინანსა საზღვარგარეთის 12 ქვეყნის სასწავლებლებში. ამერიკის შეერთებული შტატების სასწავლებლებიდან ყველაზე მეტი პირი (14) აღმასრულებელ მენეჯმენტში კვალიფიკაციის ასამაღლებლად დაფინანსდა George Mason University-ში, ხოლო ყველაზე დიდი თანხა ერთ პირზე გამოყოფილია Georgetown University-ის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 61 865 აშშ დოლარი. დიდი ბრიტანეთის სასწავლებლებში ყველაზე მეტი პირი (31) ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე დაფინანსდა New College Nottingham-ში, ხოლო ყველაზე დიდი თანხა (34 450 ფუნტი სტერლინგი) ერთ პირზე გამოყოფილია ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. 2011-2012 სასწავლო წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილ 10 ყველაზე მსხვილ გრანტს შორის მოხვდა აგრეთვე ნიდერლანდების სამეფოს სასწავლებელში - Webster University-ში დაფინანსებული მოქალაქე.

IDFI-ის მიერ განათლების სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასევე აფინანსებს უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლას. 2013 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტში მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა დაუფინანსდა ფიჯის რესპუბლიკის 6, ბურუნდის რესპუბლიკის 3, განას რესპუბლიკის 3, გამბიის რესპუბლიკის 3 და სურინამის რესპუბლიკის 5 მოქალაქეს. ფიჯის, ბურუნდის, განას და გამბიის რესპუბლიკების თითო მოქალაქეს სწავლა დაუფინანსდა 3 500 ლარით, ხოლო სტიპენდიის სახით სტუდენტებმა მიიღეს 7 200 ლარი. რაც შეეხება სურინამის რესპუბლიკის მოქალაქეებს, თითოეულ მათგანს სწავლა დაუფინასდა 2 250 ლარით, ხოლო სტიპენდიის სახით მიიღეს 8 400 ლარი. 2013 წელს სწავლა ასევე დაუფინასდა სომხეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათგან სამს სამაგისტრო პროგრამაზე, ხოლო ერთს დოქტორანტურაზე. თითოეულმა მათგანმა სტიპენდიის სახით მიიღო 3 000 ლარი.

კომენტარები