იდენტობის პროექტი უსახლკაროებისთვის

სერგეენკო მიუსაფარი ოჯახებისთვის თავშესაფრის გახსნაში პრობლემას ვერ ხედავს

facebook.com/mohgovge

შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობას თავშესაფარი თუ გულისხმობს ოჯახებისა და სრულწლოვანი ადამიანების დახმარებას, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

"თუ ეს არის ოჯახური დასახლება, ოჯახს არანაირი რეგულირება არ ჭირდება, თუ როგორ აღზარდოს თავისი შვილი. ამ მხრივ, ძირითადად, საკმარისია მხოლოდ ინფრასტრუქტურული აქტივობები,"- განუცხადა მინისტრმა ინტერნეტ გამოცემა ნეტგაზეთს.

სერგეენკოს თქმით, პრობლემა იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუკი ამ თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვები მოხვდებიან მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლების გარეშე. მინისტრის განცხადებით, ბავშვებზე ზრუნვას არეგულირებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კანონმდებლობა.

"ბავშვებზე ზრუნვა შედგება ორი მთავარი ფუნქციისგან, ეს არის ინფრასტრუქტურული და აღზრდის მეთოდები. ორივე დაფუძნებულია UNICEF-ის გამოცდილებაზე და საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობასთან მოდის რეგულაციაში. მათი აღზრდის მეთოდები შეთანხმებული უნდა იყოს საერთაშორისო დეკლარაციებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან. მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ ბავშვების დახმარებისკენ არის მიმართული, თუმცა ეს ყველაფერი უნდა იყოს მოქცეული საერთაშორისო კანონმდებლობისა და გამოცდილების ჩარჩოებში. ჩვენ მზად ვართ ასეთი თანამშრომლობისთვის, თუ ეს არ იქნება მექანიკურად, რომ სახლებს ავაშენებთ და შევუშვებთ იქ ბავშვებს. ეს ეწინააღმდეგება ორ საერთაშორისო კონვენციას - დეინსტიტუციონალიზაციას და აღზრდის მეთოდებს. თუ ეს პირობები იქნა დაკმაყოფილებული და ამაში სათავო დაწესებულება იქნება ჯანდაცვის სამინისტრო, სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ნებისმიერთან", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ასეთი ინიციატივის განხორციელება არ შეიძლება მოხდეს იზოლირებულად და ის უნდა განხორციელდეს კომპლექსურად.

"ეს უნდა მოხდეს კომპლექსურად და აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს აღზრდის ის მეთოდი, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებითა და დეკლარაციებით რეგულირდება. არის ნათლად გაწერილი საერთაშორისო დეკლარაციები და კანონები, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი აქტივობა უნდა იყოს კოორდინირებული და არა იზოლირებული. ", - განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის პასუხად, რომელმაც მინისტრს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა იდენტობას ინიციატივაზე. ჟურნალისტმა მინისტრს კითხვის დასმისას უთხრა, რომ იდენტობას სურს ბავშვთა თავშესაფრის გახსნა, რასაც ეწინააღმდეგება საპატრიარქო.

აღნიშნულ საკითხზე ასევე მცდარი ინფორმაცია გაავრცელა დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ, რომლის განცხადებაშიც წერია: "როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობამ განაცხადა, რომ აქვს სურვილი და უკვე შემოწირულობების შეგროვებაც დაიწყეს, მიუსაფარი ბავშვებისთვის თავშესაფრის დასაარსებლად".

არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობა არ აპირებს თავშესაფრის გახსნას მიუსაფარი ბავშვებისათვის. ორგანიზაცია მოახლოვებული ზამთრის პარალელურად სურვილი ჰქონდა გაეხსნა თავშესაფარი უსახლკაროთათვის და არა მხოლოდ ბავშვებისათვის.

"თავშესაფარი არ არის გამიზნული არასრულწლოვანი პირებისათვის, თუმცა იქ შესახლებული ადამიანები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებსაც თან ახლავთ მცირეწლოვანი ბავშვებიც", - აცხადებს იდენტობა. ორგანიზაციისვე განცხადებით, დროებითი თავშესაფრის პროგრამა ითვალისწინებდა ექიმის, იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და დასაქმების სპეციალისტის, ასევე მოხალისეთა ფართო ჩართულობას ამ ადამიანთა გაძლიერებისათვის, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმებისათვის. თუმცა,იდენტობამ ძალადობის საფრთხის გამო ამ ეტაპზე გადაიფიქრა დროებითი თავშესაფრის გახსნა უსახლკარო ადამიანებისთის. აღნიშნულ საკითხზე ორგანიზაციამ დღეს განცხადებაც გაავრცელა.

კომენტარები