Mount Whitney საქართველოში

ნორლანდი: Mount Whitney-ს კვლავ შემოსვლა სტრატეგიული პარტნიორობის აღიარებაა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ამბობს, რომ ამერიკული ხომალდის, Mount Whitney-ს საქართველოში კვლავ შემოსვლა ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღიარებაა.

ბათუმის ნავსადგურში მყოფ ამერიკულ ხომალდზე გამართული მიღების შემდეგ ნორლანდმა თქვა, რომ აღნიშნულმა გემმა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში ჰუმანიტარული ტვირთი შემოიტანა. მისი თქმით, გემის კიდევ ერთხელ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ სტრატეგიული პარტნიორები რეგიონში უსაფრთხოებისთვის იღწვიან.

"ეს გემი საქართველოში იყო 2008 წლის ომის შემდეგ, მაშინ, როცა ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა საქართველოში. ხომალდი Mount Whitney საქართველოს კვლავ სტუმრობს და ეს არის აღიარება იმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც იღწვიან, რათა მსოფლიოს ამ მნიშვნელოვან ნაწილში უზრუნველყოფილი იყოს რეგიონული უსაფრთხოება", - აღნიშნა ნორლანდმა.

ელჩის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება. "მიღებაზე იყვნენ მაღალი რანგის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებიდან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გადის პოლიტიკურად გარდამავალ პერიოდს", - აღნიშნა ნორლანდმა.

ამერიკულ ხომლად Mount Whitney-ზე ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და ხომალდის კაპიტანმა ქრეიგ კლეპერტონმა მიღება გამართეს, რომელსაც საქართველოს მთავრობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კომენტარები