Mount Whitney საქართველოში

უსუფაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ამერიკული ხომალდი მეორედ შემოვიდა

USS Mount Whitney
www.msc.navy.mil

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს მოკლე პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი მეორედ სტუმრობს". ამის შესახებ მან ამერიკულ ხომალდ Mount Whitney-ზე გამართული მიღების შემდეგ ისაუბრა.

"ზუსტად ის სამხედრო გემია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა საქართველოში და ამით გადაარჩინა საქართველო, ყველას გვახსოვს ის დღეები და ის მნიშვნელობა, რაც ჰქონდა ამერიკის სამხედრო გემის შემოსვლას ფოთში. ამისთვის მადლობა გადავუხადე გემის კაპიტანს, მეზღვაურებს, ჯარისკაცებს და სამოქალაქო პირებს, ვინც ამ გემზე მსახურობდნენ, იმ დამსახურებისთვის, რაც მათ აქვთ საქართველოს წინაშე", - თქვა უსუფაშვილმა. მისივე შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის გზაზე ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

უსუფაშვილის განმარტებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.

"ასევე ვისაუბრეთ სამხედრო სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე. ჩვენი მხრიდან ამერიკელ კოლეგებს ვპირდებით, რომ ვიქნებით მათი საიმედო პარტნიორები და მხარდამჭერები იქ და მაშინ, როცა ჩვენ ეს შეგვეძლება", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ამერიკულ ხომალდზე დღეს საღამოს მიღება გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და გემის კაპიტანმა ქრეიგ კლეპერტონმა. მიღებაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს მთავრობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები