სიმონ პარუნაშვილის საქმე

დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

sknews.ge

დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. შპს ნამქერის საქმეზე მოწმე სპარტაკ მაჭარაშვილი დაიკითხა, რომელიც ადიგენის რაიონის გამგეობაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სპეციალისტი და სატენდერო კომისიის აპარატის წევრი იყო.

საქმის მიხედვით, "2012 წლის 7 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიის თავჯდომარემ სიმონ პარუნაშვილმა, სატენდერო კომისიის წევრებთან ერთად, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და უპირატესობა მიანიჭა შპს ნამქერის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, სადაც საწარმოს ხელმძღვანელის ანტონ მერაბიშვილის მიერ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება ხელოვნურად იყო გაზრდილი. სატენდერო კომისიამ მოცემულ ტენდერში შპს ნამქერი გამოაცხადა გამარჯვებულად, მაშინ როდესაც "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვალდებული იყო მოეხდინა შპს ნამქერის დისკვალიფიკაცია, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია".

გაზეთ სამხრეთ კარიბჭის ინფორმაციით, ბრალდების მხარემ სპარტაკ მაჭარაშვილს შპს ნამქერის მიერ გაკეთებული გარე განათების ბოძების შესახებ კითხვები დაუსვა. მაჭარაშვილის თქმით, აღნიშნულ საქმეში მექანიკური შეცდომა მოხდა და 49 ბოძის ნაცვლად 149 იყო მითითებული. თუმცა, ეს საქაღალდო დოკუმენტაციაში გელა აღლემაშვილთან ერთად შეასწორა ისე, რომ ამის შესახებ მათ კომისიის სხვა წევრებისთვის არ უცნობებიათ.

პროცესს ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით დარჩიაშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, "ხის თავი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამ საქმეში პოლიტიკური სარჩული ვერ დაინახო" [სიმონ პარუნაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრია]. მისი თქმით, ტენდერში შპს ნამქერის საქმეზე დაშვებული მექანიკური შეცდომა რიგითმა მოხელემ ისე შეასწორა, რომ ამის შესახებ არაფერი გააგებინა.

"ეს ადამიანი მოწმის სახით იკითხება და გამგებელს სდებენ ბრალს, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეს არის პაროდია იმ სისხლისსამართლებრივი პოლიტიკისა, რომელიც 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც მიმართული იყო სერიოზული კორუფციის წინააღმდეგ. იმიტომ იყო ასეთი ბევრი საქმეები და პატიმრების რადენობაც იზრდებოდა, რომ დანაშაული აღმოფხვრილიყო ქვეყანაში. გადაცდომებსაც არ გამოვრიცხავ", - თქვა დარჩიაშვილმა.

სიმონ პარუნაშვილის მომავალი სასამართლო პროცესი 26 ნოემბერს 13 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი 27 აგვისტოს დააკავეს.

 

კომენტარები