პოლიციელის დაჭრა

შსს-ს ცნობით, პოლიციელს ზუგდიდში დაზიანებები პირადი მოტივით მიაყენეს

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში პოლიციელს ფიზიკური დაზიანებები პირადი კონფლიქტის საფუძველზე მიაყენეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პატრულის დაჭრილ თანამშრომელს ორი დღის წინ მცდელობა ჰქონდა მეჯვარის საცოლესთან სექსუალური კავშირი ზუსტად იმავე ტერიტორიაზე დაემყარებინა, სადაც დღეს ის ნაცემი დატოვეს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ პატრულს საკუთარ მეგობართან, მეჯვარესთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა.

"პატრულს საკუთარ მეჯვარესთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა. პატრულის ცემის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დადგენილია თუ ვინ სცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და ეს მისი მეჯვარეა. რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ ვერსიას, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ვერსიაზე, რომელიც უკავშირდება პატრულის მიერ მისი მეგობრის საცოლის გაუპატიურების მცდელობას. როგორც ვიცით, არსებობს დაზარალებულიც და მოწმეებიც. რა თქმა უნდა, თუ დადასტურდა, რომ ეს ასე იყო, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიორგობიანმა.

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დღეს დაჭრილი იპოვეს. უცნობმა პირებმა მას ყური მოაჭრეს, სცემეს, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადეს და ადგილზე დატოვეს. მას სავარაუდოდ, ფეხიც აქვს მოტეხილი. შემთხვევა ზუგდიდში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ტაბულა ნინო გიორგობიანთან მომხდარის დეტალების გარკვევას შეეცადა, თუმცა, მან განაცხადა, რომ უწყება განმარტებას ამ საკითხზე მოგვიანებით გააკეთებს.

კომენტარები