საქართველოს ბიუჯეტი

ხიდაშელი: ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ დღეს ბიუჯეტს დანაკლისი აქვს

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თინა ხიდაშელს ფინანსთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან  კითხვები აქვს. როგორც ხიდაშელმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში - დიდი პოლიტიკა - თქვა, მისი კითხვები ეხება არა იმას, რატომ არის დანაკლისი ბიუჯეტში და რატომ ვერ შესრულდა ის, არამედ იმას, დაგეგმვის დროს რატომ ვერ გათვალეს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო საბიუჯეტო პროცესის შედეგი.

"მოსალოდნელი და გათვლადი შედეგი იყო. კითხვები მაქვს იმასთან დაკავშირებით, რატომ ვერ დავითვალეთ თავიდანვე?" - ამბობს ხიდაშელი და აღნიშნავს, რომ არ სურს 2014 წლის ბიუჯეტის განხილვისას, იგივე შეცდომა მოხდეს. 

გადაცემის წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, მისი ეს კითხვები შეიძლება თუ არა გახდეს იმის საფუძველი, რომ მინისტრთა მომავალ კაბინეტში აღარ იყოს ნოდარ ხადური, რაზეც ხიდაშელმა უარყოფითი პასუხი გასცა. 

"არა, ნამდვილად არ მგონია, რომ ეს ასე მოხდეს. ნოდარი კარგი მინისტრია. ამ მძიმე ერთ წელიწადს ძალიან წარმატებით გაართვა თავი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ დღეს ბიუჯეტს დანაკლისი აქვს. პრობლემა არის თავში, როდესაც იგეგმებოდა, მაშინ რაზე იყო გათვლა. მე ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ნოდარი არ იყოს მთავრობაში, თუმცა, ეს ახალი პრემიერის გადასაწყვეტია" - თქვა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, 2013 წლის ბიუჯეტი ვერ სრულდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით კი, საქართველოს ეკონომიკა 2013 წლის ბოლომდე 2%-ით გაიზრდება. 2013 მაისში EBRD-ი ვარაუდობდა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3% იქნებოდა. ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უშუალო მეზობლებიდან - აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და თურქეთი - 2013 წელს ეკონომიკური ზრდა, რუსეთის გარდა, ყველა ქვეყანაში უფრო მაღალი იქნება. 

კომენტარები