პროტესტი სახალხო დამცველის ოფისში

ომბუდსმენი: იმნაძე და კვაჭაძე ჩემს ლეგიტიმურ მითითებებს არ ასრულებდნენ

პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი უფროსისა და მისი მოადგილის ბრალდებებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა. ნანუაშვილის თქმით, ნათია იმნაძე და ოთარ კვაჭაძე სამსახურიდან გათავისუფლდნენ იმის გამო, რომ ომბუდსმენის ლეგიტიმურ მითითებებს არ ასრულებდნენ. მისივე განმარტებით, გათავისუფლებული პირების მიმართ უკვე მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა. სახალხო დამცველის მტკიცებით, აღნიშნული პირები გამოირჩეოდნენ არაკოლეგიალური და უხეში დამოკიდებულებით აპარატის სხვა თანამშრომლების მიმართ და მათ არაერთხელ მიიღეს ზეპირი შენიშვნა.

"ეს დადასტურებულია შიდასამსახურებრივი ოქმებით" - ამბობს ნანუაშვილი.

სახალხო დამცველმა ნათია იმნაძე და ოთარ კვაჭაძე ასევე დაადანაშაულა მასთან არაკოორდინირებულად, შეუთანხმებლად მოქმედებაში. ნანუაშვილის თქმით, ეს ქმნიდა სახალხო დამცველის საქმიანობის დისკრედიტაციის საშიშროებას. მისი განცხადებით, კიდევ ერთი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ სახალხო დამცველი სასჯელაღსრულებაში სერიოზული პრობლემების შესახებ იგებდა მედიის საშუალებით საკუთარი თანამშრომლების მხრიდან მიცემული ინტერვიუების საფუძველზე. 

"მიუხედავად ამ პირთა მიმართ არსებული შენიშვნებისა, მათ მიეცათ საკმარისზე მეტი დრო, 10 თვეზე მეტი, რათა წარმოეჩინათ თავი, როგორც ოფისის ღირსეული წევრები. ისინი ასევე სარგებლობდნენ სამსახურებრივი წახალისებით, პრემიებით,  ტრენინგებით საზღვარგარეთ და ა.შ. თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით, თვისებებით და დამოკიდებულებებით ისინი ზიანს აყენებდნენ სახალხო დამცველის ოფისს, რის გამოც იძულებულები გავხდით, მიგვეღო ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ნანუაშვილმა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა,  უტიფრობაა ბრალდებები, რომ იმნაძის და მისი ყოფილი მოადგილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ინფორმაციის დამალვა გახდა. 

უჩა ნანუაშვილმა კომენტარი გააკეთა იმ თანამშრომლებზეც, რომლებმაც სამსახური საკუთარი ნებით დატოვეს. სახალხო დამცველის განცხადებით, სამი თანამშრომლის მიერ სამსახურის მოულოდნელად დატოვება მათ მიერ ჩადენილი დიდი დარღვევაა. ნანუაშვილის თქმით, მაია გიგინეიშვილმა, გურამ ბენდიანიშვილმა და ამირან ნიკოლაიშვილმა განცხადება დაწერეს ისე, რომ არ მიუთითეს, როდიდან ითხოვდნენ გათავისუფლებას, რაც დარღვევაა ნებისმიერი საჯარო მოხელის მხრიდან. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატში ამ ეტაპზე სხვა ცვლილებები არ იგეგმება. ომბუდსმენი აღნიშნულ საკითხზე საჯაროდ საუბარს მანამ არ აპირებს, სანამ ნათია იმნაძისა და ოთარ კვაჭაძის გათავისუფლებაზე სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. 

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის სამმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა. მაია გიგინეიშვილი, ამირან ნიკოლაიშვილი და გურამ ბენდიანიშვილი სახალხო დამცველის მიერ ხუთ ნოემბერს პრევენციისა და მონიტორინგის უფროსის ნათია იმნაძისა და მისი მოადგილის ოთარ კვაჭაძის განთავისუფლებას აპროტესტებენ. 

პრევენციისა და მონიტორინგის ყოფილი უფროსის ნათია იმნაძის აზრით, მისი სამსახურიდან გაშვება უკავშირდება იმას, რომ ობიექტურად აფასებდა სასჯელაღსრულების სისტემაში და სხვა დახურულ ინსტიტუციებში არსებულ სიტუაციას. იმნაძის განცხადებით, მას ბოლო ხანებში მედიასთან ურთიერთობას უზღუდავდნენ. პრევენციისა და მონიტორინგის ყოფილი უფროსის თქმით, ეს ყველაფერი სასჯელაღსრულების სისტემის ღია კრიტიკის გამო მოხდა, რაც იმნაძის აზრით, ომბუდსმენისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

 

კომენტარები