პროტესტი სახალხო დამცველის ოფისში

ომბუდსმენის აპარატი პროტესტის ნიშნად სამმა თანამშრომელმა დატოვა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის სამმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა.

მაია გიგინეიშვილი, ამირან ნიკოლაიშვილი და გურამ ბენდიანიშვილი სახალხო დამცველის მიერ ხუთ ნოემბერს პრევენციისა და მონიტორინგის უფროსის ნათია იმნაძისა და მისი მოადგილის ოთარ კვაჭაძის განთავისუფლებას აპროტესტებენ.  

”სახალხო დამცველმა მიზეზად გამოიყენა ის რომ თეა თუთბერიძე რომელიც არის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრი და მოქმედებს ომბუნდსმენის მეირ გაცემული რწმუნების შესაბამისად, შეხვდა ბაჩო ახალაიას. სახალხო დამცველს მიაჩნია რომ მე და ოთარ კვაჭაძეს ხელი უნდა შეგვეშალა თეა თუთბერიძისთვის ცალკე არ შეხვედროდა ბაჩანა ახალაიას. თეა თუთბერიძეს როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტს უფლება აქვს შეხვდეს და ესაუბროს დაკავებულს, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებს” - განაცხადა იმნაძემ.

პრევენციისა და მონიტორინგის ყოფილი უფროსის აზრით მისი სამსახურიდან გაშვება უკავშირდება იმას, რომ მისი და მისი გუნდის მიერ ობიექტურად ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში და სხვა დახურულ ინსტიტუციებში არსებული სიტუაციის შეფასება.

”სახალხო დამცველის უმოქმედობის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ რამდენიმე ფაქტი 2013 წლის აგვისტოში, მას შემდეგ რაც პატიმრებმა მეშვიდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფარული კამერები აღმოაჩინეს, ადმინისტრაციამ პრაქტიკულად ყველა საკანში, ახლა უკვე ღიად დაამონტაჟა სამეთვალყურეო კამერები. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენმა დეპარტამენტმა მოამზადა რეკომენდაცია, ხოლო სახალხო დამცველმა არამხოლოდ არ გაასაჯაროვა ეს ამბავი არამედ ელექტრონული სისტემიდან მის წაშლას მოითხოვდა” - განაცხადა იმნაძემ.

იმნაძის განცხადებით მას ბოლო ხანებში მედიასთან ურთიერთობას უზღუდავდნენ. მისი თქმით ეს ყველაფერი სასჯელაღსრულების სისტემის ღია კრიტიკის გამო მოხდა, რომელიც იმნაძის აზრით ომბუდსმენისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ნათია იმნაძის განცხადებით ის ამ საკითხზე სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. 

კომენტარები