კალათბურთს ფედერაცია

კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: ახვლედიანის მხრიდან იყო ზეწოლა

gbf.ge

სასტუმრო რედისონში კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები, თბილისის საკალათბურთო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პროფესიულ კავშირებს შეხვდნენ.

შეხვედრას არ ესწრებოდნენ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მიხეილ ახვლედიანის დაფუძნებული კალათბურთელთა კავშირის წარმომადგენლები, თუმცა გამომსვლელთა ადრესატები ფედერაციასთან ერთად, ძირითადად სწორედ ახვლედიანი და მისი თანაგუნდელები იყვნენ.

თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და წარსულში ცნობილმა კალათბურთელმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა წესდებაში რამდენიმე ცვლილების გატარება მოითხოვა, რასაც დამსწრეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

"წესდება რა თქმა უნდა შესაცვლელია, სრულყოფაშია მოსაყვანი  ფიბასთან შესაბამისობაში. მინდა ავღნიშნო, რომ არავითარ დაძაბულობას ქართულ კალათბურთში მე არ ვგრძნობ, ეს აჟიოტაში უბრალოდ ტელევიზიების მხრიდან არის ატეხილი. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდია და ყველაფერი უფრო აქედანაა განპირობებული," - განაცხადა ვახტანგ ნაცვლიშვილმა.

შეხვედრაზე აქტუალური თემა იყო კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც 11 დეკემბერს გაიმართება.

კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ოთარ ბრაგვაძემ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ახვლედიანი ზეწოლაში დაადანაშაულა.

"ჯერ ნოდარ იანქოშვილს აწუხებდნენ - გადაეცი არ ჩამოვიდესო, მე ვუთხარი ჩემი ნომერი მიეცი - მე მითხრას თქო. მიშა ახვლედიანმა პირადად დამირეკა," - განაცხადა ოთარ ბრაგვაძემ.

მიხეილ ახვლედიანი ბრაგვაძის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მათ შორის მსგავს სატელეფონო საუბარს ადგილი არ ჰქონია

"ერთხელ მაქვს ამ ადამიანთან დარეკილი და მეორედ თავად დამირეკა. მკითხა სპორტის სასახლე სად არისო, სადაც ჩვენი ოფისია. სხვა ამ ადამიანთან სალაპარაკო რა უნდა მქონოდა?," - განაცხადა მიხეილ ახვლედიანმა.

კომენტარები